ფეხბურთი

5:10 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "კვარაცხელია გენიალურია, მასზე გაცუდებული პენალტიც ვერ მოქმედებს"

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „აინტრახტი“ 2:0 დაამარცხა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ წვლილი ბრწყინვალე საგოლე პასით შეიტანა, რომელიც ქუსლით გააკეთა. იტალიური მედია ქართველი ფეხბურთელის თამაშს შემდეგნაირად გამოეხმაურა:

Calciomercato: „არ იყო საღამო, რაზეც ოცნებობდა. 36-ე წუთზე გაცუდებული პენალტი შეიძლებოდა მძიმე ფასის ყოფილიყო, მაგრამ მისდა საბედნიეროდ შედეგზე არ მოქმედებს. მეორე ტაიმშიც კარგი შანსი გაანიავა, მაგრამ ყველაფერი იმ საგოლე პასით გამოისყიდა, რაც მომდევნო ეტაპის ბილეთის მომტანია“.

Sport.virgilio: „ლიდერობს თანაგუნდელებს, შემდეგ ეძლევა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა და პენალტს აფუჭებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ეპიზოდმა მასზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ არა: მეორე ტაიმი არის სპექტაკლი, დი ლორენცოზე პასი, რითაც კაპიტანმა სხვაობა გაზარდა“.

Eurosport: „პენალტზე, რა თქმა უნდა, ცდება, ასევე მატჩის დროს რამდენიმე მაცდური შანსი ვერ გამოიყენა. თუმცა, შეხება, რომელსაც დი ლორენცოს გოლთან მივყავართ, ამ ბიჭის გენიალურობის სიმპტომია რთულ საღამოშიც. ის მაშინაც მოქმედებს, როცა არ მოქმედებს“.

Goal: „ე.ი. ისიც ადამიანია. პენალტი გააფუჭა და ვერ გამოიყენა მომენტი, როცა ლოზანომ მეკარესთან პირისპირ დატოვა მეორე ტაიმის დასაწყისში. თუმცა, ვინაიდან ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, ყველაფერი აანაზღაურა დი ლორენცოზე ქუსლით გაკეთებული საგოლე პასით“.

Mediaset: „პენალტი ვერ გაიტანა და ერთხელ პირისპირ ვერ აჯობა მეკარეს. ამ ყველაფერს სეზონში მე-13 საგოლე პასით გამოისყიდის, რომელიც ქუსლით გააკეთა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, 13-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. ის საგოლე გადაცემებით სერია A-ში ლიდერია (9 პასი), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე (4 პასი) ლიდერობას ლიონელ მესისთან, დიოგო ჟოტასა და ჟოაუ კანსელუსთან ერთად იყოფს.

0.12161