„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „აინტრახტთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კმაყოფილია, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
„ვიყოჩაღეთ, რომ კვარას პენალტის შემდეგ არ დავნებდით. თუნდაც არ ვიღიმოდე, თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ კვალიფიკაციის საკითხი მაინც ღიაა. ძალიან მომეწონა ბიჭების დამოკიდებულება. დაძაბული სტარტის შემდეგ თამაში იმ მიმართულებით წავიყვანეთ, სადაც გვინდოდა.
ბევრი სათქმელი არ არის, შესანიშნავად ვითამაშეთ და მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი არასდროს დავკარგეთ. აქ, გერმანიაშიც ისე ვითამაშეთ, როგორც ვიცით და როგორც იტალიაში ვთამაშობთ.
მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი გადაწყვეტილი საერთოდ არ არის. კიდევ ერთი მატჩი გველოდება და ორივე გუნდს 50-50%-იანი შანსი აქვს. საერთაშორისო ასპარეზზე ერთი ეპიზოდიც საკმარისია მატჩზე გავლენის მოსახდენად. ამიტომ, საპასუხო მატჩშიც ყურადღებით უნდა ვიყოთ”, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ საპასუხო მატჩი 15 მარტს, ნეაპოლში გაიმართება.