ფეხბურთი

2:13 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

0:2-დან 5:2! "რეალის" შოუ "ენფილდზე" და განადგურებული "ლივერპული"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შარშანდელი ფინალის რიმეიქი შედგა, რომელშიც „ლივერპულს“ „რეალთან“ რევანშის შანსი ჰქონდა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდს უმძიმესი სეზონი აქვს და „ენფილდზე“ 2:5 განადგურდა.

არადა, „წითლებისთვის“ თამაში ფანტასტიკურად დაიწყო! მეოთხე წუთზე დარვინ ნუნიესმა ქუსლით გაიტანა, ხოლო 10 წუთში ტიბო კურტუას უხეში შეცდომით მოჰამედ სალაჰმა სხვაობა ორამდე გაზარდა! თითქოს, „ლივერპულს“ „რეალი“ გამოჭერილი ჰყავდა, მაგრამ „რეალი“ ხომ „რეალია“, რომელიც არასდროს კვდება.

პირველივე ტაიმში ვინისიუსმა დუბლი შეასრულა და 2:2! აღსანიშნავია, რომ კურტუას მსგავსი შეცდომა დაუშვა ალისონმა, აბსოლუტურად იდენტური. მეორე ტაიმში კი კარლო ანჩელოტის გუნდმა მეტოქეს გადაურბინა, კიდევ სამი გოლი გაუტანა, საიდანაც ორი კარიმ ბენზემას აქტივშია, ერთიც ედერ მილიტაოს.

„რეალს“ „ლივერპულთან“ უკვე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ესპანური გრანდი მომდევნო ეტაპზეა, რადგან „ლივერპული“ სასწაულის ჩამდენ გუნდს ნამდვილად არ ჰგავს. და, ის კი ნამდვილად საინტერესოა, როდემდე აქვს ნდობის ლიმიტი კლოპს, რადგან მას გუნდი კრიზისგან აშკარად ვერ გამოჰყავს.

„ლივერპული“ – „რეალი“ 2:5 (2:2)

ლივერპული, „ენფილდ როუდი“

„ლივერპული (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, გომესი (მატიპი 73), ვან დაიკი, რობერტსონი; ჰენდერსონი (მილნერი 73), ფაბინიო, ბაიჩეტიჩი (ელიოტი 85); სალაჰი, გაკპო (ფირმინო 64), ნუნიესი (ჟოტა 64)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, მილიტაო, რიუდიგერი, ალაბა (ნაჩო 27); ვალვერდე, კამავინგა, მოდრიჩი (კროოსი 87); როდრიგო (სებალიოსი 81), ბენზემა (ასენსიო 87), ვინისუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 ნუნიესი (4), 2:0 სალაჰი (14), 2:1 ვინისიუსი (21), 2:2 ვინისიუსი (36), 2:3 მილიტაო (47), 2:4 ბენზემა (55), 2:5 ბენზემა (67)

გაფრთხილება: ელიოტი (90) - ვინისიუსი (60)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 9 (6) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: იშტვან კოვაჩი (რუმინეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118212