ფეხბურთი

1:59 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დომინანტური გამარჯვება და ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული საგოლე პასი

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ბედი პრაქტიკულად პირველივე მატჩში გადაწყვიტა, რადგან ფრანკფურტის „აინტრახტს“ მისსავე მოედანზე 2:0 მოუგო და რასაკვირველია, ამ უპირატესობის ხელიდან გაშვება, თითქმის წარმოუდგენელია.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა მეტოქეს პირველ ტაიმში აჯობა, გერმანულ გუნდს მომენტი არ შეაქმნევინა, ხოლო თვითონ არაერთხელ შეეძლო გატანა. მე-19 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შორი მანძილიდან ერთი შეხებით დაარტყა და ეფექტურ გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ კევინ ტრაპმა კუთხურზე მოიგერია. 36-ე წუთზე ირვინგ ლოსანო გავიდა ტრაპთან პირისპირ და მასპინძლები ძელმა იხსნა, ხოლო ამავე მომენტში ტუტამ ვიქტორ ოსიმენზე იუხეშა და პენალტი დაინიშნა, თუმცა, კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა: მისი ძლიერი და კარგი დარტყმა ტრაპმა კუთხურზე მოიგერია - გერმანელი მეკარე ამ მომენტში დიდებული იყო.

მე-40 წუთზე ნეაპოლელებმა საწადელს მაინც მიაღწიეს, როდესაც ლოსანოს პასის შემდეგ ოსიმენმა ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა მოახერხა და ანგარიში გახსნა. სხვათა შორის, ზუსტად ერთ წუთში ანალოგიური კომბინაციით, ლოსანოს პასი, ოსიმენის გოლი ცარიელ კარში, სტუმრებმა კიდევ გაიტანეს, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, რადგან ნიგერიელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

მეორე ტაიმშიც სურათი არ შეცვლილა, რადგან „ნაპოლი“ ისევ დიდ უპირატესობას ფლობდა და „აინტრახტს“ არაფერი გამოსდიოდა. 56-ე წუთზე ლოსანოს პასის შემდეგ კვარაცხელია ტრაპთან პირისპირ დარჩა, მაგრამ გერმანელმა კიპერმა ქართველ შემტევს მესამე დუელიც მოუგო.

58-ე წუთზე „აინტრახტს“ რანდალ კოლო მუანი გაუძევეს და ისედაც უსუსური გერმანული გუნდი საერთოდ უშანსოდ დარჩა. 65-ე წუთზე კი ჯოვანი დი ლორენცომ მეორე გოლი გაიტანა და სხვაობა გაზარდა. იტალიელ მცველს საგოლე პასი ხვიჩამ გაუკეთა, მაგრამ პასსაც ხომ გააჩნია?! ქუსლით, დიდებულ სტილში, ისე, როგორც ფრანჩესკო ტოტი, ან მისი ფავორიტი ფეხბურთელი ხოსე მარია გუტი თამაშობდა. ეს ნამდვილად მშვენება მომენტი იყო. აღსანიშნავია, რომ დი ლორენცოს კარიერაში ჩემპიონთა ლიგაზე ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე კვარაცხელიას პასით.

„ნაპოლიმ“ 2:0 მოიგო, მშვიდად, უდიდესი უპირატესობით და კლასით. ცხადია, საპასუხო მატჩი, რომელიც 15 მარტს ნეაპოლში ჩატარდება, ფორმალობად იქცა, რადგან „აძური“ მეტოქეზე აშკარად ძლიერია.

ხვიჩა კვარაცხელია 6 მატჩში 4 საგოლე პასით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მეპასეა. ასევე 4 საგოლე პასი აქვთ ჟოაუ კანსელუს, დიეგუ ჟოტას და ლიონელ მესის! გარდა ამისა, კვარას აქტივში ლიგაზე 2 გოლი და 1 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლი“ კი პრაქტიკულად უკვე მეოთხედფინალშია...

მთლიანად სეზონში, კვარას აქტივში 25 მატჩი, 12 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

„აინტრახტი“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:1)

ფრანკფურტი, „დოიჩე ბანკ პარკი“

„აინტრახტი“ (3-4-3): ტრაპი; ტუტა, იაკიჩი, ნ’დიკა; ბუტა (კნაუფი 70), კამადა, სოუ, მაქსი (ლენცი 90); ლინდსტრომი (ბორე 70), კოლო მუანი, გიოტცე (ალიდუ 81)

მწვრთნელი: ოლივერ გლასნერი

„ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა; ანგისა (ნდომბელე 80), ლობოტკა, ჟელინსკი; ლოზანო (ელმასი 80), ოსიმენი (სიმეონე 84), კვარაცხელია (პოლიტანო 84)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 ოსიმენი (40), 0:2 დი ლორენცო (65)

გაფრთხილება: გიოტცე - (60) - კიმი (38), ელმასი (83)

გაძევება: კოლო მუანი (58)

გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (36, მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 17 (10) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: არტურ სოარეშ დიაში

0.127367