საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს სერია A-ს ბინადარ „უდინეზეს“ უკავშირებენ.
როგორც ადგილობრივი გამოცემა mondoudinese წერს, ფრიულელებს დამდეგ ზაფხულს 22 წლის ქართველი ფეხბურთელის გადაბირება სურთ. ტრანსფერის ინიციატორი „უდინეზეს“ სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინოა.
ჯერჯერობით დეტალები უცნობია და არც ისაა ცნობილი, რა სტადიაზეა აღნიშნული ინტერესი. გარდა ამისა, გიორგის კიდევ ერთ იტალიურ კლუბ „ჯენოასაც“ უკავშირებენ.
გიორგი მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.