სხვა

21:03 | 21.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბაკურიანი 2023: ეს დღე შვეიცარიელების და ავსტრიელების იყო - ნაზღაიძე კვლავ კვალიფიკაციის მიღმა დარჩა

ბაკურიანში დიდველის ტრასაზე მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდის პარალელურ სლალომით გაგრძელდა. ქარიანი ამინდის მიუხედავად კვალიფიკაცია ჩატარდა და მასში 18 ქვეყნის 88 სპორტსმენმა იასპარეზა.

ამ დისციპლინაში გამოდიოდა რევაზ ნაზღაიძე, რომელიც საუკეთესო 32 სპორტსმენში ვერ მოხვდა და ფინალურ რბოლას გამოეთიშა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა სპორტსმენმა ვერც სნოუბორდის გიგანტურ სლალომში მოახერხა კვალიფიკაციის დაძლევა.

ამინდის გამო შეჯიბრება დაგეგმილ დროს საკმაოდ გადაცდა და ფინალებმა სტარტი 16:00 საათზე აიღო. ეს დღე განსაკუთრებით გამორჩეული გამდგა შვეიცარიელი და ავსტრიელი სპორტსმენებისთვის, რადგან მედლებისთვის მებრძოლ ქალებს შორის სამ საუკეთესოში 2 შვეიცარიელი ერთიც კი ავსტრიელი იყო.

ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონიც და ვიცე ჩემპიონიც - შესაბამისად ჯული ცოგი (გამარჯვებული) და ჯენი ლადინა გახდნენ. (ორივე შვეიცარია) ბრინჯაოს მედალს კი ავსტრიელი საბინე შოფმანი დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ლედინამ შარშან ბაკურიანში ჩატარებული ევროპის თასი მოიგო.

“საოცარია დღეა. ამ მომენტი იმ რთულ გამოსვლაზე აღარ ვფიქრობ, რადგან აქ ვდგავარ, როგორც მსოფლიო ჩემპიონი, ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ. სიმართლე გითხრათ დილით სანამ ყველაფერი დაიწყებოდა ამ შედეგზე ვერც ვიფიქრებდი, თუმცა ახლა უკვე მიხარია რომ ბაკურიანში ვარ და ჩემს თავს კიდევ ერთი მედალი შევმატე”, - გვითხრა ჯულიმ.

კაცთა შორის კი ავსტრიელმა ანდრეას პრომეგერმა გაიმარჯვა, ვერცხლის მედლის მფლობელიც ავსტრიელი ერვიდ ენერი გახდა. მესამე საპრიზო ადგილზე კი კანადელი არმონდ გედე გავიდა.

ამავე დისციპლინაში კვალიფიკაცია ვერ გაიარა მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბენჟამინ კარლიმ.

"ემოციებით დატვირთული ვარ, საუკეთესო დღეა. რთული ამინდის მიუხედავად არცერთი შეცდომა არ დამიშვია და შევძელი გამარჯვება მომეპოვებინა. ვამაყობ შედეგით. მინდა შევაქო ის გუნდი ვინც ბაკურიანში მუშაობს, რადგან აქ დღეს ყველაფერი იდეალურად იყო. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ავსტრიას ძლიერი გუნდი ჰყავს. ყოველი დაშვება, რომელიც ბაკურიანში გვქონდა, პოდიუმთან გვაახლოებდა, ეს ძალიან კარგია, რადგან აქ ყველა გამარჯვებისთვის ჩამოვიდა", - განაცხადა პრომეგერმა.

დღესვე დიდველზე მომავალი საშეჯიბრო დღეებისთვის ოფიციალური ვარჯიშები სკი კროსსა და სლოუფსთაილში გაიმართა. სლოუფსთალის დისციპლინაში ბორდსა და თხილამურებში და სკი კროსში ჩვენი ქართველი სპორტსმენები კვალიფიკაციებისთვის ემზადებიან.

24 თებერვალს სკი კროსში - დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე იასპარეზებენ. ხოლო 25 თებერვალს ძალებს სლოუფსთაილში ბუთა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი მოსინჯავენ.

დიდველის პარალელურად, მსოფლიო ჩემპიონატი არეალსის დისციპლინაში კოხტას ფერდობზე გაიმართა, ხვალვე იქნება ფინალები და მფრინავი ათლეტები შთამბეჭდავ სანახაობას შემოგვთავაზებენ.

0.111334