„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, მეტოქეს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ „ნაპოლისგან“ იმ ხარისხის ფეხბურთს ელოდება, რომელსაც მთელი სეზონია თამაშობენ.
სპალეტიმ ასევე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მას კიდევ უფრო მომწიფება შეუძლია.
„არ გენდობით (ჟურნალისტებს მიმართავს - რედ). ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე დასმულ შეკითხვებზე ვფიქრობ, როცა ამბობდით, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც ვერ მოვიპოვებდით. ახლა სრულიად საპირისპიროს მეუბნებით, ამიტომ, უმჯობესია არ გენდოთ. გვაქვს პოტენციალი, როგორც „აინტრახტს“. გლასნერს ვეთანხმები: ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი თანაბარია.
ყველაფერი დამოკიდებულია ფეხბურთელების თვისებებზე. კვარაცხელიას იმის გაკეთებას ვერ მოვთხოვ, რასაც დი ლორენცოს მოვთხოვ. როდესაც „აინტრახტს“ ბურთი ექნება, თავდამსხმელებთან ერთად უკან უნდა დავბრუნდეთ. ველოდები, რომ ისე ვითამაშებთ, როგორც სეზონის სტარტიდან ვთამაშობდით. ჩემს ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ, ადამიანურ დონეზეც. მეტოქეს ჩვენზე ცოტა მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ ამისთვის სერია A-ში მოვემზადეთ და ველოდები, რომ ისე ვითამაშებთ, როგორც ჩემპიონატში ვთამაშობთ.
კვარაცხელია და ოსიმენი? შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ოსიმენის რეაქცია „სასუოლოსთან“, როდესაც შეატყო საკუთარ თავს, რომ პრობლემა ჰქონდა და მაშინვე შეცვლა მოითხოვა. ეს ნიშნავს, რომ ის ყველაფერს დროულად ხვდება.
ორივე ძალიან ნიჭიერია, აქვთ ხარისხი და ფანტაზია საიმისოდ, რომ მსოფლიო ფეხბურთს ხმამაღალი მესიჯები გაუგზავნონ. ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან და უნდა შევაქოთ ჯუნტოლი და დე ლაურენტისი, რომლებიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ძალიან სწორად არჩევენ. ორივეს შეუძლია მომატება და უფრო მომწიფება, ამისთვის კი ხვალინდელი მატჩი უნდა გამოიყენონ. ეს არის თამაში, რომელშიც შიში დაუშვებელია...
კვარამ „სასუოლოსთან“ სტილისტურად ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 21 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.