„აინტრახტის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ავსტრიელმა სპეციალისტმა მეტოქე შეაქო და განაცხადა, რომ ანტი-იტალიური გუნდია, თუმცა, მათი მიზანი გამარჯვებაა.
გლასნერმა ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არ არიან ფეხბურთელები, რომლების შეჩერება უნდა მოახერხონ, არამედ, „ნაპოლის“ სხვა ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავს.
„ძალიან ბედნიერები ვართ, ერთ-ერთი მიზანი პლეი-ოფში გასვლა იყო, ახლა კი „ნაპოლისთან“ შესანიშნავი მატჩი გვაქვს და მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. ვიცით, რომ „ნაპოლი“ ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენც კარგ ფორმაში ვართ. სტადიონი სავსე და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება. მიზანი გამარჯვებაა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. „ნაპოლიზე“ დიდი ხანია ვფიქრობთ, საათების განმავლობაში გავაანალიზეთ, ისინი ყოველთვის ერთნაირი შემადგენლობით თამაშობენ, 2-3 ფეხბურთელს ცვლიან. კვარაცხელია და ოსიმენი აშკარად ძლიერები არიან, მაგრამ მხოლოდ ისინი არ გვყავს შესაზღუდი. „ნაპოლის“ დაცვაც შესანიშნავია, ეს გამოჩნდა ჯგუფურ ეტაპზეც.
ვფიქრობ, „ნაპოლი“ იტალიურ ფეხბურთს არ თამაშობს, ეს ანტი-იტალიური გუნდია! ამიტომ არიან სერია A-ში დომინანტები: აგრესიულები არიან, მაღალ პრესინგს თამაშობენ, აკეთებენ კონტრპრესინგს, რომელსაც იტალიაში ხშირად ვერ ნახავთ. თავს კიმთან და რაჰმანისთან ერთად აგრესიულად იცავენ. ეს განსხვავებს იტალიური გუნდებისგან, „ნაპოლი“ სხვაგვარად თამაშობს. რა თქმა უნდა, ინტენსივობით უპირატესობა ვერ გვექნება. ჩვენი მდგომარეობა კი არ იცვლება, „ვერდერთან“ თუ „ნაპოლისთან“, ყოველთვის ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. გვინდა მოვიგოთ და ამისთვის მთელი ძალები დაგვჭირდება.
მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა 180 წუთში გაირკვევა და არა ხვალ. ფრეზე თანახმა თუ ვიქნები? დღეს ვიტყვი, რომ არა! იმიტომ, რომ გვინდა გამარჯვება, მაგრამ მხოლოდ ორმა გუნდმა, „ინტერმა“ და „ლივერპულმა“ შეძლეს „ნაპოლის“ დამარცხება, გვინდა, ჩვენ მესამე გუნდი ვიყოთ. ჩემი პატივისცემა სპალეტის მიმართ უკიდურესია, ის ძალიან წარმატებული იყო ყველა გუნდში, სადაც იმუშავა. ვიცი, რომ ნეაპოლში ცრუმორწმუნეები არიან, მაგრამ მარადონას შემდეგ ახლა სპალეტი სკუდეტოს დამსახურებულად მოიგებს. არ ვიცი, ლუჩანოს ახსოვს თუ არა, მაგრამ „ზალცბურგში“ ასისტენტად ვმუშაობდი, ის „ზენიტის“ მწვრთნელი იყო და საწვრთნელ შეკრებაზე ერთ სასტუმროში ვიყავით, სადაც შევხვდი და ჩამეხუტა. ლუჩანო შესანიშნავი მწვრთნელია, მკაფიო სტრუქტურა აქვს“, - თქვა გლასნერმა.
შეგახსენებთ, რომ „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 21 თებევრალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.