რაგბი

15:45 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი | რაც დავგეგმეთ შევასრულეთ

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთთან 41:3 გამარჯვების შემდეგ, გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა



აღსანიშნავია, რომ საქართველოს ესპანეთის სტუმრად სარეკორდო სხვაობით დამარცხებაც შეეძლო, მაგრამ ირლანდიელმა მსაჯმა მატჩის მიწურულს 13-კაცით გატანილი ლელო გაგვიუქმა და მხოლოდ 38-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, სარეკორდო გამარჯვება კი (ესპანეთში გამართულ მატჩებში) 2009 წელს მადრიდში დაფიქსირდა – 55:11.

აღსანიშნავია, რომ ტორელავეგაში გამართულ მატჩში, ჩვენი გუნდის მიერ გატანილი 7 ლელოდან 6 ხაზის მოთამაშეებზე (აკა ტაბუცაძე 2, თედო აბჟანდაძე, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, დავით ნინიაშვილი) მოდის, ერთი კი ბექა გიგაშვილის ანგარიშზეა. გუნდმა თითქმის მთელი 80 წუთი ხელდახელ, მაღალ ტემპში შეტევებში გაატარა, ეპიზოდებში კი, დაცვაში გაუვალ კედლად აღიმართა და მეტოქეს პრესტიჟის ლელოს გატანის საშუალება 12 კაცის ამარაც არ მისცა.

„წელს ეს ჩვენი გუნდის მესამე თამაში იყო და ლოგიკურია კარგი ხარისხი რომ ვაჩვენეთ. ყველაზე კარგი ისაა, რომ გუნდს გათვითცნობიერებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანია დავალებების შესრულება. ერთადერთი, რითაც უკმაყოფილო ვარ დისციპლინაა. მსაჯის გადაწყვეტილებები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, თუმცა ამ კუთხით სამუშაო გვაქვს. რაგბი ევროპაზე რატომღაც მსაჯები ჩვენს მიმართ გადამეტებულ სიმკაცრეს იჩენენ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ემოციების მართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მაღალი დონის გუნდი ამდენ შეცდომას არ გვაპატიებს“.

„როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, რაც დავგეგმეთ შევასრულეთ და ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი გადახალისებული შემადგენლობით დაგვიხვდა, ის ჩვენთვის მუდამ იყო და რჩება სახიფათო მოწინააღმდეგედ, გუნდად, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, განსაკუთრებით საკუთარი გულშემატკივრის წინაშე და ჩვენ მათ წარმატების არანაირი შანსი არ დავუტოვეთ, რაც ნამდვილად იძლევა კმაყოფილების საბაბს“ – ამბობს მაისაშვილი, რომლის მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-15-ედ მოგებასთან ერთად, გუნდის მსოფლიო თასისთვის მომზადებაა:

„პირველი ორი კვირა თამაშისთვის არატიპიური დატვირთვები გვქონდა, რადგან ვცდილობთ ეს პერიოდი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. რაგბი ისეთ დონეზეა, რომ ფიზიკურად არ ხარ მზად, შესაძლოა ტემპს და დატვირთვებს ვერ გაუძლო. ირლანდიისა და საფრანგეთის შეხვედრაში ბურთი თამაშში 46 წუთი იყო, რაც დაუჯერებელი ციფრია. ჩვენი მიზანი ჩემპიონობასთან ერთად მსოფლიო თასისთვის მზადებაა, რაც ადვილი არ არის“.

შეხვედრის მიწურულს გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მცირე დაზიანების გამო მოედანი ნაადრევად დატოვა, თუმცა მისი დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს. ამ მიზეზით ბორჯღალოსნებს მეტოქის ბოლო შეტევის მოგერიება 12 კაცით მოუწია:

„არ გავრისკეთ და შარიქაძე მოედნიდან გავიყვანეთ, მიუხედავად იმისა, რომ ის წინააღმდეგი იყო. 12 კაცით არ დავრჩებოდით, რომ არა მსაჯის უცნაური გადაწყვეტილება, რომელმაც გატანილი ლელო გააუქმა და მოედნის ცენტრში ჯარიმა დანიშნა, თანაც ისე, რომ სერგო აბრამიშვილს ყვითელი ბარათი აჩვენა, არადა ის ამ ეპიზოდთან საერთოდ არ იყო კავშირში. მეტოქე მოლში აშკარა თამაშგარიდან თამაშობდა და ის ძალისმიერად გავიყვანეთ. ასევე საეჭვო იყო გელა აფრასიძის სინბინი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ესპანელების დარღვევებზე მსაჯს რეაგირება არ ქონდა“.

„შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და ვარჯიშებზე განვიხილავდით სცენარს, როგორ უნდა გვემოქმედა თუ მოედანზე კაცნაკლული დავრჩებოდით. გუნდი მზად არის უარესი ვარიაციებისთვის და სწორედ ამიტომ, შეცვლებს დაგეგმილზე უფრო ადრე ვაკეთებთ, რაც ტრავმის შემთხვევაში ერთგვარი რისკია და ასე მოხდა შარიქაძის შემთხვევაში. მისი შემცვლელი უბრალოდ არ გვყავდა, მაგრამ ფაქტია, გუნდმა 14, 13 და 12 კაცის ამარა, თავი კარგად დაიცვა და ესპანეთს ლელო არ გაატანინა“.

მას შემდეგ, რაც პორტუგალიამ რუმინეთი 38:20 დაამარცხა ცხადი გახდა, რომ 5 მარტს, ნახევარფინალში რუმინეთს ვუმასპინძლებთ:

„მოთამაშეები გუნდებში გავუშვით და ნახევარფინალისთვის კვირიდან შევიკრიბებით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოსამზადებლად 6 დღე გვექნება, რადგან ჩვენ ვუფრთხილდებით მოთამაშეებს და პირველი ორი დღე ადაპტაციასა და აღდგენას დაეთმობა. ადვილი არ არის ასეთი დატვირთვების და გადაფრენების შემდეგ ენერგიის აღდგენა. მომავალი შეხვედრისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში მცირე ცვლილებები თუ გვექნება“.

RUGBY.GE

0.116069