თურქეთში მომხდარი საზარელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი კრისტიან ატსუს ცხედარი სამშობლოში, განაში გადაასვენეს.
თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად განელი ფეხბურთელი, რომელიც „ჰატაისპორის“ ღირსებას იცავდა, დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
საბოლოოდ, შაბათს ოფიციალურად გაირკვა, რომ კრისტიან ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს. მსოფლიოს წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში ამ ამბის გამო მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყო. ატსუს მეუღლე „ნიუკასლის“ თამაშზე მიიწვიეს, სადაც თამაშობდა კიდეც განელი გარკვეული პერიოდი.
ატსუ აკრაში გვიან ღამით გადაასვენეს, სადაც თვითმფრინავიდან მისი ცხედარი განელმა ჯარისკაცებმა ჩამოიტანეს.
თანამემამულისთვის პატივის მისაგებად ამსტერდამის „აიაქსის“ განელმა ფეხბურთელმა, მოჰამედ კუდუსმა „სპარტა როტერდამის“ წინააღმდეგ მატჩში გატანილი გოლის შემდეგ მაისური გაიხადა, სადაც RIP ATSU ეწერა.
თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 45 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ სპორტსმენებიც. კრისტიან ატსუს გარდაცვალებამ კი მსოფლიოს სპორტული სამყარო შეძრა.