ესპანეთის თასის ფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ მალაგას „უნიკახასთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 80:83 დამარცხდა და ტიტული ვერ მოიპოვა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და ბოლო წამებამდე არაფერი იყო გარკვეული, მაგრამ საბოლოოდ, მალაგელებმა 3 ქულით იმარჯვეს და ესპანეთის თასი მოიპოვეს.
გიორგი შერმადინმა 32 წუთში 20 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, შედეგად ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. გიორგი შედეგიანობით მხოლოდ თანაგუნდელ მარსელინო უერტასს ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა.
ამრიგად, შერმადინიც თორნიკე შენგელიას დარად თასის ფინალში დამარცხდა. გიორგი ნიდერლანდებში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი მატჩები ელოდება.