საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „ლილი“ საოცარ სტილში დაამარცხა და 3-მატჩიან წაგებათა სერიას წერტილი დაუსვა.
კრისტოფ გალტიეს გუნდმა მძიმე პერიოდი გამოიარა, რადგან „მარსელთან“ (1:2), „მონაკოსა“ (1:3) და „ბაიერნთან“ (0:1) დამარცხდა. ბუნებრივია, პარიზული გუნდისთვის სამი მატჩის მიყოლებით წაგება კატასტროფაა და „ლილთან“ შეცდომის უფლება არ ჰქონდა.
ალბათ, ამიტომაც იყო, რომ პარიზელებმა თამაში შემართებით დაიწყეს და მე-17 წუთისთვის კილიან მბაპესა და ნეიმარის გოლებით 2:0-ს იგებდნენ. თუმცა, შემდეგ მოდუნდნენ, „ლილიც“ საქმეში ჩაერთო და 69-ე წუთზე ყველაფერი თავდაყირა დადგა, რადგან უკვე სტუმრები 3:2-ს იგებდნენ.
ეს ზედიზედ მეოთხე წაგების მომასწავებელი იყო, რაც შეიძლებოდა გალტიეს გათავისუფლებითაც დასრულებულიყო. „ლილი“ უპირატესობას 87-ე წუთამდე ინარჩუნებდა და პარიზელებიც ვერაფრის შეცვლას ახერხებდნენ. თუმცა, როცა მოედანზე კილიან მბაპე და ლიონელ მესი არიან, ხიფათი არსაიდან შეიძლება გაჩნდეს. ზუსტად ასე მოხდა: 87-ე წუთზე მბაპემ დუბლი გაიფორმა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო 94-ე წუთზე ძალიან კარგ პოზიციაზე პარიზელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღეს. ბურთთან ცხადია მესი მივიდა, რომელმაც მეკარეს შანსი არ დაუტოვა და 4:3!
„პარი სენ ჟერმენი“ ზედიზედ მეოთხე წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა და დაუჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რადგან მანამდე ამას არაფერი მოასწავებდა. აღსანიშნავია, რომ 51-ე წუთზე ნეიმარმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
„პარი სენ ჟერმენს“ ლიგა 1-ის 24 ტურში 57 ქულა აქვს და მიუხედავად კრიზისული მონაკვეთისა, სატურნირო ცხრილს მაინც დამაჯერებლად ლიდერობს, რადგან „მარსელთან“ 8-ქულიანი უპირატესობა აქვს, თუმცა თამაშით მეტიც ჩაატარა.
„პარი სენ ჟერმენი“ – „ლილი“ 4:3 (2:1)
გოლები: 1:0 მბაპე (11), 2:0 ნეიმარი (17), 2:1 დიაკიტე (24), 2:2 დავიდი (58, პენ), 2:3 ბამბა (69), 3:3 მბაპე (87), 4:3 მესი (90)