ფეხბურთი

16:39 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

30 წუთი, რომელიც მთელს ცხოვრებას უდრის!

ხვიჩა კვარაცხელიას ქალაქ ნაპოლიში პოპულარობა ცნობილი ამბავია და კამპანიის რეგიონის ამ ხმაურიან ალაგას ჩასული ადამიანი სულ რომ ფეხბურთთან მწყრალად იყოს, სადმე მაინც აუცილებლად გადააწყდება ხვიჩა კვარაცხელიას სახელს და ფოტოს. თუმცა ამჯერად არა იტალიის უკიდურეს სამხრეთზე, არამედ ლომბარდიაზე და მის უმთავრეს ქალაქ მილანზე უნდა ვისაუბროთ, სადაც ხვიჩა მთლად ნეაპოლივით არა, მაგრამ მაინც ძალიან პოპულარულია და ეს გასაკვირია, თუკი ცნობილ იტალიურ ჩრდილოურ-სამხრეთულ დაპირისპირებას გავიხსენებთ.

როგორც წინა ბლოგში გითხარით, მილანში „ინტერი“-„მილანის“ ლეგენდარული დერბის სანახავად ჩავედით და ამ მართლაც რომ საოცარი თამაშის თანმხლები ამბებიც გიამბეთ. სწორედ „მადონინას“ დღეს, ოღონდ რამდენიმე საათით ადრე, ხვიჩას „ნაპოლი“ გასვლაზე „სპეციას“ ხვდებოდა. მას შემდეგ რაც კვარაცხელია სათამაშოდ იტალიაში გადავიდა, მისი აბსოლუტურად ყველა შეხვედრა გვქონდა ნანახი და იტალიაში ყოფნისას ჩვენი ჯილას თამაშის ვერცქერა ლამის ტრაგედიად მიგვაჩნდა. დილით რა ვიცოდით, რომ ჩვენი დღე მეტად უცნაურად და ოფლისდენით წარიმართებოდა...

დღე იყო საეჭვოდ მზიანი და საამო. საფეხბურთო კლუბ „მილანის“ოფიციალურ მაღაზიაში ქართველები, ინდუსები, სლავები და არაბები ერთად ვარჩევდით კაშნეებსა და მაისურებს, დროშებსა და შავ-წითელ წვრილმანებს. მილანის ულამაზესი, უმშვენიერესი, გრანდიოზული და საოცარი ცენტრალური საკათედრო ტაძრის, იგივე „დუომოს“ წინ მდგარი ტიპი ელექტრო გიტარაზე „პინკ ფლოიდის“ ძველ ჰიტებს უკრავდა, ხალხი შესეული იყო მაღაზიებს და დიდი ნეტარებით ყიდულობდა ბრენდულ ნიფხავ-პერანგებს. ჩვენც მშვიდად ვიყავით, რადგან ტელეფონში უკვე მონიშნული გვქონდა უმაგრესი ლუდხანა, რომელსაც ინტერნეტში კლიენტების მხრიდან სულ კაი-კაი შეფასებები ეწერა, უზარმაზარი ტელევიზორები ჰქონდათ და ლუდის სიმცირესაც არ უჩიოდნენ. მეტი რაღა უნდა ამ დროს მილანში მყოფ ფეხბურთის ქომაგს? ერთადერთი რაც დაგვრჩენოდა, თამაშის დაწყებამდე დროის გაყვანა იყო.

მოახლოვდა ჟამი ნეტარი. ჩავსხედით უძველეს , მაგრამ ულამაზეს და ცოტა მოფახფახებულ ტრამვაიში, რომელმაც ნელა, ჩორთით მაგრამ მაინც დროულად მიგვიყვანა დანიშნულების ადგილამდე. ადვილად მივაგენით ჩვენს მიერ წინასწარ მონიშნულ გრანდიოზულ ლუდხანას, მაგრამ ლუდხანა დაკეტილი დაგვხვდა და თან ისე საგულდაგულოდ დაკეტილი, რომ მის გაღებას პირადად მე სამომავლოდაც ვერ წარმოვიდგენ.

ხვიჩას თამაშის დაწყებამდე დაახლოებით 20 წუთია დარჩენილი, ვდგავართ დაკეტილი ლუდხანის წინ და კურთხეულ ქართულ ენაზე ყოვლად უშვერი სიტყვებით ვიხსენიებთ ბარის მფლობელს, მილანის მერს, იტალიის პრემიერ-მინისტრს და ტრამვაის იმ პატიოსან ვატმანსაც კი იქამდე ვინც მიგვიყვანა. მილანი თბილისი არაა, რომ ერთი ადგილიდან მეორისკენ უცებ გაქანდე და ტაქსისტს უთხრა, „სადმე კაი „ტოჩკაში“ წამიყვანე ჯიგაროო“. წამოვედით ისევ „დუომოსკენ“ ფეხათრეულები და ნერვებმოშლილები.

ის-ის იყო ხელი უნდა ჩაგვექნია და შევგუებოდით ბედს, რომ რუკაზე ვიპოვე რაღაც პატარა ირლანდიური პაბი, სადაც წესით, ფეხბურთის ნახვაც უნდა მოგვეხერხებინა. გავრბივართ და რას გავრბივართ! უკვე მეორე ტაიმია დაწყებული, მაგრამ მაინც არ ვიტეხთ იხტიბარს. სპეციალურად არც მატჩის ანგარიშს ვგებულობთ, ინტერესი რომ არ დავკარგოთ და ასე, აქოშინებულები შევვარდით ბარში, რომელიც იყო ხალხით პირთამდე გაძეძგილი. არ მახსოვს როგორ მოვახერხეთ ადგილების პოვნა. დავსხედით, ზემოთ ავიხედეთ და დავინახეთ ანგარიში 0:1 წერია ნეაპოლელთა სასარგებლოდ. ხოლო როცა ისიც გავიგეთ, რომ ის ერთი გოლი პენალტიდან ხვიჩას გაეტანა, ავტეხეთ ყიჟინა, ტაში და თან ოფლს ვიწმენდთ გიჟებივით. ვიღას ახსოვდა დაღლა და ვაება...

ბარის ყველა ეკრანზე „ნაპოლის თამაში გადიოდა და ის ბოლო ნახევარი საათი, რასაც მივუსწარით, იყო ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი 30 წუთი ჩემს ცხოვრებაში. როდესაც კვარაცხელიას უმაგრესი პასებით „ნაპოლიმ“ ბრწყინვალედ გაიმარჯვა და უპირატესობა გაიმყარა, იქ მყოფი თითქმის ყველა ადამიანი ჩვენსავით ტაშით და ოვაციებით ხვდებოდა კვარაცხელიას ბურთთან ყოველ შეხებას.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ ხდებოდა ქალაქ ნეაპოლში და ეს იყო „ნაპოლისთვის“ მეტად მტრული ლომბარდიის დედაქალაქი, მაგრამ ქართველობა და ხვიჩა კვარაცხელიას ქომაგობა ლომბარდიაშიც საამაყო რამ ყოფილა, პიემონტშიც და ტოსკანაშიც. კარგ ფეხბურთს ამქვეყნად ბევრი თამაშობს და კიდევ ბევრი ითამაშებს, მაგრამ კვარაცხელიას აქვს რაღაც ჯადო-თილისმა, რაც მისადმი და მისი ქომაგებისადმი ყველას დადებითად განაწყობს. ამ კეთილგანწყობას მაშინ, „სპეციას“ განადგურებისას, ყველასგან ვგრძნობდით. ბარში ლუდიც კარგი ჰქონდათ და სიტუციაც მაგარი იყო, მაგრამ მთავარი იყო განცდა, რომ შენი წარმომავლობა, შენი ქვეყნის შვილობა გიხარია და ხმამაღლად აცხადებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თანამემამულე ხარ! ის ნახევარი საათის მთელს ცხოვრებას უდრის!

0.11728