ლონდონის „ჩელსის“ მცველი სესარ ასპილიკუეტა „საუთჰემპტონთან“ შეხვედრაში მძიმედ დაშავდა და მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარა.
ესპანელმა მცველმა თავში მძიმე დარტყმა მიიღო სეკუ მარასთან შეჯახების შედეგად და გონებაც დაკარგა. მისთვის ჟანგბადის მიწოდება გახდა საჭირო, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ასპილიკუეტა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ღამის განმავლობაში დატოვეს, რათა კლინიკური შემოწმება გაევლო. როგორც ინგლისური კლუბი იტყობინება, ესპანელი ფეხბურთელი გონზეა და ყველაფერზე ადეკვატურად რეაგირებს.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ პრემიერლიგის ბოლოადგილოსან „საუთჰემპტონთანაც“ წააგო და 2023 წელს ერთადერთი თამაში აქვს მოგებული.