სხვა

1:59 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა სლალომის მოულოდნელი ჩემპიონი

სამთო მოთხილამურე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე სლალომის რბოლა, კანადელმა ლორენს სენ-ჟერმენმა მოიგო. ამჯერად ხელი მოეცარა ამერიკელ მიკაელა შიფრინს, ვისაც საფრანგეთის მერიბელში მიმდინარე ჩემპიონატზე, ერთი ოქრო უკვე მოპოვებული აქვს. მედლის გარეშე დარჩა სლალომში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, შვეიცარიელი ვენდი ჰოლდენერი.

„ამას არ ველოდი, ეს წარმოუდგენელია. კარგი დრო მქონდა, მაგრამ გამარჯვებას მაინც არ ველოდი. ვიკითხე, კვარცხლბეკზე რომელი მხრიდან უნდა ავსულიყავი. საბოლოოდ კი შუაში დავდექი. ეს შეუძლებელია“, - განაცხადა ჩემპიონმა. ის ბოლო 63 წელიწადში პირველი კანადელი სამთო მოთხილამურეა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალს დაეუფლა.

პირველი ცდის შემდეგ, ლიდერი შიფრინი იყო, მეორე დრო კი ჰოლდენერს ჰქონდა. სენ-ჟერმენს კი მესამე. შიფრინი ჰოლდენერს 0.19 წამს უგებდა. დანარჩენები კი ამ ორს თითქმის წამით ჩამორჩნენ. მათ შორის, მოქმედი ჩემპიონი, ავსტრიელი კატარინა ლინსბერგერი და სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი, სლოვაკი პეტრა ვლჰოვა.

მეორე ცდაზე, როგორც ლიდერი, სტარტზე ბოლო შიფრინი გავიდა, ვისაც მერიბელში ოქრო გიგანტურ სლალომში აქვს მოპოვებული და ვერცხლი - სუპერ-გიგანტში. მაგრამ საბოლოოდ, კანადელ მეტოქეს 0.57 წამით ჩამორჩა და მეორე ოქროს მოპოვების შანსიც ხელიდან გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109377