რაგბი

0:31 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

3-დან 3 მოგებით “ბორჯღალოსნები“ ნახევარფინალში ითამაშებენ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 3:41 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ესპანეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში გამართული მატჩი „ბორჯღალოსანთა“ აშკარა უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური შედეგითაც დასრულდა.



მატჩი ჩვენებმა აქტიურად დაიწყეს და მე-3 წუთზე აკა ტაბუცაძის შესანიშნავი ლელოთი დავწინაურდით კიდეც. ქართველმა ფრთამ ეს არ იკმარა და ძალიან მალე მეტოქეს მეორე ლელოც მიაყოლა. ამ ლელოებს შორის იყო ესპანელთა ერთადერთი გატანილი ჯარიმა, რის შემდეგაც მათ შედეგიანი ქმედება აღარ ჰქონიათ.

პირველ ტაიმში, 24-ე და 36-ე წუთებზე ჯერ საჯარიმო ლელო, შემდეგ კი თედო აბჟანდაძის კარგი თამაში იყო, სწორედ საკუთარი ლელოს შემდეგ გაისწორა „ბორჯღალოსანთა“ ათიანმა მიზანი, პირველი გარდასახვა გაიტანა და პირველი ტაიმის ანგარიში, 3:22 დააფიქსირა.

ქართველთა დომინაცია მეორე ტაიმშიც გაგრძელდა. თავი ჯერ დისკვალიფიკაციამოხდილმა მერაბ შარიქაძემ გამოიჩინა, შემდეგ კი გელა აფრასიძის ძალიან ჭკვიანურად ფეხით შეცურებულ პასს სანდრო თოდუა დაუხვდა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მატჩს წერტილი დავით ნინიაშვილმა დაუსვა, რომელმაც პირველხაზელივით შეიტანა ბურთი მეტოქის ლელოში.

შეხვედრის ბოლოს ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ნაკრები 12 კაცით დარჩა (2 ყვითელი, შარიქაძის ტრავმა) და მაინც მოახერხა საკუთარი ლელოს დაცვა. საბოლოოდ შეხვედრა 3:41 დასრულდა.

„ბორჯღალოსნებმა“ A ჯგუფი 3-დან 3 მოგებით დაასრულეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც B ჯგუფის მეორეადგილოსანს, ანუ პორტუგალიასა და რუმინეთს შორის დამარცხებულს შეხვდებიან.

აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ დღევანდელი გამარჯვების შემდგომ, საქართველოს ნაკრებმა 0.75 სარეიტინგო ქულა მიიღო, იტალიას გადაუსწრო და მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვასილ ლობჟანიძე დასახელდა.

ესპანეთი 3:41 საქართველო

ლელოები: ტაბუცაძე (3), ვინუესა - ჯარიმა (7), ტაბუცაძე (8), საჯარიმო ლელო (24), აბჟანდაძე (გარდასახვით) (37), შარიქაძე (48) - აბჟანდაძის გარდასახვა, თოდუა (64), ნინიაშვილი (68) - მატკავას გარდასახვა.

საქართველო: 1. აბულაძე, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ჭეიშვილი, 5. მიქაუტაძე, 6. ცუცქირიძე, 7. საღინაძე, 8. ჯალაღონია, 9. ლობჟანიძე, 10. აბჟანდაძე, 11. თოდუა, 12. შარიქაძე, 13. კვესელაძე, 14. ტაბუცაძე, 15. ნინიაშვილი.

მარქაფა: 16. ჭყოიძე, 17. აბრამიშვილი, 18. პაპიძე, 19. ჩაჩანიძე, 20. გაჩეჩილაძე, 21. აფრასიძე, 22. მატკავა, 23. თაფლაძე.

0.17805