კალათბურთი

23:10 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 18 ქულა იტალიის თასზე: "ვირტუსი" ფინალში გავიდა

იტალიის თასის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ტორტონა“ იოლად, 90:65 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

სერჯო სკარიოლოს გუნდმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგო და ბუნებრივია გამარჯვება არ გასჭირვებია. იმის თქმაც შეიძლება, რომ ბოლონიელებმა პირველივე პერიოდში გადაწყვიტეს ყველაფერი, რომელიც 17 ქულით მოიგეს.

შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 19 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მან 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თანაგუნდელთა შორის შედეგიანობით მხოლოდ მარკო ბელინელის ჩამორჩა, რომელმაც 19 წუთში 20 ქულა დააგროვა.

„ვირტუსი“ ფინალში 19 თებერვალს, "ბრეშას" დაუპირისპირდება.

0.124344