იტალიამ ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატი 2006 წელს მოიგო. იმ გუნდიდან არაერთმა ლეგენდამ გადაწყვიტა მწვრთნელობა, თუმცა ჯერ-ჯერობით თავისი მოღვაწეობა თითქმის ყველამ კრახით დაასრულა.
გასული ორი კვირის განმავლობაში უკვე სამი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. არც სხვები აღწევენ დიდ წარმატებას.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ ვერაფრით აეწყო ჯენარო გატუზოს კარიერა. მისი ხელმძღვანელობით „ღამურებმა“ ძალიან ცუდი სეზონის პირველი ნახევარი ჩაატარეს და გამუდმებით გასავარდნ ზონას უტრიალებდნენ. საბოლოოდ, „რინო“ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მისი საქმის გამგრძელებელმა ვორომ კი გარდაუვალი თავიდან ვერ აიცილა და გუნდი მართლაც აღმოჩნდა გასავარდნ ზონაში.
ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ფაბიო კანავარომაც. ლეგენდარული მცველის ხელმძღვანელობით, „ბენევენტომ“ 17 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო და მანაც გასავარდნ ზონაში ამოჰყო თავი. ეს 2.
მესამე ადამიანი, ვინც ამ ბოლო პერიოდში უმუშევარი დარჩა იმ უძლიერესი გუნდიდან, არის დანიელე დე როსი. რამდენიმე დღის წინ „სპალმაც“ დაადასტურა, რომ დე როსისთან თანამშრომლობას წყვეტდა. მისით უკმაყოფილო იტალიურმა გუნდმა ის კიდევ ერთი 2006 წლის მუნდიალის მონაწილით, მასიმო ოდოთი ჩაანაცვლა. ესეც 3.
ამ სამმა ფეხბურთელმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში დატოვა გუნდი და სწორედ ამიტომ გავამახვილეთ ყურადღება მათზე თავში, თორემ არც დანარჩენების ქმედება იწვევს გულშემატკივართა და ხელმძღვანელთა მოწონებებს. შეგვიძლია ანდრეა პირლო გავიხსენოთ, რომელიც „იუვენტუსში“ წარუმატებელი მუშაობის შემდგომ გუნდიდან გაუშვეს. ამჟამად ის თურქული „ქარაგიუმრუქის“ მთავარი მწვრთნელია და ცოტა ხნის წინ საბა ლობჟანიძეც დაიმატა. ამჟამად, მისი გუნდი მე-9 ადგილზეა, თუმცა საკმაოდ ბევრი ფრე აქვს ნათამაშები.
არამხოლოდ ეს ადამიანები. დიდი ვერაფერი გავლენა მოუხდენიათ სხვებსაც. ძამბროტა, ნესტა, კამორანეზი - შესაძლოა თითქმის მთელი გუნდი ჩამოვთვალოთ.
თითქმის იმიტომ, რომ არის პატარ-პატარა წარმატებებიც, რის გამოც ამ თაობის სამწვრთნელო უნარებს ბოლომდე ხაზს ვერ გადავუსვამთ. ფაბიო გროსოს კარგი სეზონი აქვს „ფროზინონესთან“ ერთად, ალბერტო ჯილარდინო „ჯენოას“ კარგად ათამაშებს, ფილიპო ინძაგი კი „რეჯინას“ წარმატებას განაპირობებს, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ მცირე გამარჯვებებია იმ კრახთან შედარებით, რაც პირველმა სამმა მწვრთნელმა და მთლიანობაში, 2006 წლის მუნდიალის ჩემპიონმა გუნდმა სამწვრთნელო კარიერაში განიცადეს.