ფეხბურთი

20:26 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

10-კაციანმა „ბაიერნმა“ იბრძოლა, თუმცა „გლადბახთან“ მაინც დამარცხდა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში „გლადბახმა“ „ბორუსია პარკზე“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო და მრისხანე მეტოქე კიდევ ერთხელ, ამჯერად 3:2 დაამარცხა.

მიუნხენელთათვის მატჩი წარუმატებლად დაიწყო. მე-8 წუთზე გუნდის ფრანგი ცენტრალური მცველი, დაიო უპამეკანო მოედნიდან გააძევეს, რის გამოც „ბაიერნს“ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში 10 კაცით მოუწია თამაში.

ანგარიში მე-13 წუთზე ლარს შტინდლმა გახსნა, რასაც ტომას მიულერიც ცვლილებაც მოჰყვა, რათა დაცვაში შექმნილი სიცარიელე ვინმეს შეევსო, ეს ვინმე კი ჟოაუ კანსელო გამოდგა. 35-ე წუთზე ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა ალფონსო დევისის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში „გლადბახმა“ კვლავ მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და ეს ყველაფერი იონას ჰოფმანმა გოლშიც გარდასახა - 2:1. „რეკორდმაისტერი“ შეეცადა ანგარიშის გათანაბრებას, შანსებიც ჰქონდა, თუმცა შეტევაში წასულ გუნდს „გლადბახმა“ კონტრშეტევა მოაყოლა და მარკუს ტურამმა 4-მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა - 3:1. „ბაიერნმა“ გაიბრძოლა და 93-ე წუთზე ახალგაზრდა მატის ტელმა ანგარიშიც შეამცირა, თუმცა მიუნხენურ გუნდს დრო აღარ ეყო, რომ ანგარიში გაეთანაბრებინა.

„გლადბახს“ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 29 ქულა დაუგროვდა და მე-8 პოზიციაზე იმყოფება. ფარკეს შეგირდები მომდევნო მატჩს 24 თებერვალს, „მაინცის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

„ბაიერნმა“ ამ მარცხით შანსი უახლოეს მდევარ „იუნიონ ბერლინს“ მისცა, რომელთანაც უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას ჩაატარებს კიდეც 26 თებერვალს.

„გლადბახი“ - „ბაიერნი“ 3:2 (1:1)

გოლები: 1:0 შტინდლი (13), 1:1 ჩუპო-მოტინგი (35), 2:1 ჰოფმანი (55), 3:1 ტურამი (84), 3:2 ტელი (93)

გაძევება: უპამეკანო (8)

0.125374