Corriere Dello Sport-ის ჟურნალისტმა პასკუალე სალვიონემ განაცხადა, რომ „ნაპოლისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ ქართველი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა.
„კვარა და ოსიმენი წარმოუდგენელი ფეხბურთელები არიან, გუნდის ფანტასტიკური მომენტიც მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ. „ნაპოლის“ წინააღმდეგ თამაში შეუძლებელია, მათ მეტოქეების დათრგუნვა და დისტანციაზე დაშლა შეუძლიათ.
ვინ არის სპალეტის გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი? ძნელი სათქმელია. ალბათ, რასაც ვხედავთ ტექნიკურად, ასევე სტატისტიკურად, ვფიქრობ, კვარაცხელიას ყველაზე დიდი წვლილი აქვს. მას მხოლოდ ერთი საგოლე პასი აკლია, რომ გოლებისა და პასების მხრივ ორნიშნა მაჩვენებელზე ავიდეს. ეს ძალიან მეტყველებს იმ წვლილზე, რომელიც მას გუნდში აქვს, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია“, - თქვა სალვიონემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ყველა ტურნირზე (სერია A, ჩემპიონთა ლიგა) ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 პენალტი აქვს თავის ანგარიშზე. კონკრეტულად სერია A-ში 9 საგოლე პასით ის ლიდერია, ხოლო 10 გოლით ბომბარდირებში მეოთხე პოზიციაზეა, ლიდერი კი ოსიმენია 18 გოლით.