ფეხბურთი

13:17 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Della Sera კვარაცხელიაზე: "ასეთი გოლი მხოლოდ ოქროს ხანაში, ბაჯოსგან ან კაკასგან გვინახავს"

„სასუოლოს“ კარში ხვიჩა კვარაცხელიას გატანილ დიდებულ გოლს იტალიურ მედიაში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა. მისი გოლი Corriere Della Sera-ისთვის რობერტო ბაჯოსა და კაკასთან შედარების საფუძველი გახდა.

აი, რას წერენ იტალიური და არა მარტო, იტალიური გამოცემები ხვიჩას გოლზე:

„80-იანი წლების ლეგენდების მთელი პატივისცემის მიუხედავად, კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემიდან გამომდინარე შეუძლებელია დიეგო და კარეკა არ გავიხსენოთ. დღეს, იტალიაში მათნაირი ორი არავის ჰყავს. ევროპაშიც კი, თითზე ჩამოსათვლელად არიან“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.

„13 წუთის შემდეგ ყველა ფეხზე დგას: გასცდა ლოპესს, განსაკუთრებული სლალომი და ბილიარდის სტილის დარტყმა. მე-10 გოლი ჩემპიონატში, მე-12 სეზონში, რომელშიც იყო ტექნიკა, პროგრესი, სიჩქარე და აფეთქება. ეს შოუ იყო“, - წერს Corriere Dello Sport-ი.

„სამი მეტოქე მოატყუა და კონსილის კუთხეში გაუტანა. მე-10 გოლი სადებიუტო სეზონში. მას სათადარიგო სკამი ფეხზე წამოუდგა და ტაში დაუკრა, ეს არის გოლი, რომელიც ტექნიკით და ელეგანტურობით გაიტანა, როგორიც დიდი ჩემპიონებისგან გვინახავს - ოქროს ხანის რობერტო ბაჯოს ან კაკასგან. ოსიმენთან ურთიერთგაგება კი უწყვეტი და მუდმივია“, - წერს Corriere Della Sera.

„რომელი პლანეტიდან ხართ? ახლა ისინი ჩემპიონთა ლიგაზეც ოცნებობენ“, - წერს ესპანური გამოცემა As-ი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ყველა ტურნირზე (სერია A, ჩემპიონთა ლიგა) ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 პენალტი აქვს თავის ანგარიშზე. კონკრეტულად სერია A-ში 9 საგოლე პასით ის ლიდერია, ხოლო 10 გოლით ბომბარდირებში მეოთხე პოზიციაზეა, ლიდერი კი ოსიმენია 18 გოლით.

„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 62 ქულა დააგროვა და „ინტერს“ უკვე 18 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. 21 თებერვალს, „აძური“ „აინტრახტს“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად შეხვდება, ხოლო 25 თებერვალს, ასევე სტუმრად „ემპოლისთან“ ითამაშებს.

0.115234