„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ იტალიურ მედიას დაუდასტურა, რომ ლუჩანო სპალეტი გუნდში მომდევნო სეზონშიც იმუშავებს.
გამოცდილ სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, რომლის განახლებაზე ჯუნტოლის „სასუოლოსთან“ მატჩამდე ჰკითხეს, რაზეც უპასუხა, რომ ახლა „ნაპოლი“ მხოლოდ მიმდინარე სეზონზეა კონცენტრირებული.
„ამ მომენტში ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ვფიქრობთ და სამომავლო გეგმებზე ფიქრისთვის დრო არ გვაქვს. სპალეტი რჩება ტექნიკური პროექტის ცენტრში, ის აუცილებლად დარჩება ჩვენთან 2024 წელს და მერე, მომდევნო სეზონში ერთად შევაფასებთ მომავალს“, - თქვა ჯუნტოლიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლიში“ 2021 წელს ჯენარო გატუზო შეცვალა. „აძური“ მისი ხელმძღვანელობით ძალიან ახლოსაა 33-წლიანი პაუზის შემდეგ და ისტორიაში მესამედ იტალიის ჩემპიონობასთან.