ფეხბურთი

4:03 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება: "KK77 არ თამაშობს, დაფრინავს! უბრალოდ შეუკავებელია"

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ ბენეფისს იტალიური მედია ისე გამოეხმაურა, როგორც იმსახურებდა. „სასუოლოსთან“ მოგებულ მატჩში (2:0) ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და იტალიელები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

Eurosport: „უბრალოდ შეუკავებელი. დრიბლინგის, სირბილის და ფინიშის კომბინაცია, რომელიც სერია A-ში იშვიათად გვინახავს. პირველი გოლი ნამდვილი მარგალიტია“.

Corriere Dello Sport: „ალბერტო ტომბა მას გოლის სლალომზე უფლებებს მოსთხოვს. კვარა ყველაფერს ისე ამარტივებს, რომ შიშს იწვევს. მისი დრიბლინგი ჩვეულებრივი ადამიანის არ იყო. „სასუოლო“ ცდილობდა მის შეჩერებას, მაგრამ ის ყველას და ყველაფერს დრიბლინგს უკეთებს“.

Tuttonapoli: „კიდევ ერთი თამაში და გოლი ფენომენის დონეზე. გოლი დრიბლინგით, რომელიც მოედნის ცენტრიდან დაიწყო და ფანტასტიკური პასი, რომელიც ოსიმენმა გაუფუჭა“.

Tuttomercatoweb: „ყველაფერი დანარჩენი მაგიაა: როცა ბურთი აქვს, ბურთიანად ქრება, მერე ჩნდება და ქუდიდან კურდღელი ამოჰყავს“.

Calciomercato: მე-12 წუთზე ფენომენალური თამაშით 0:0-ის ბალანსი დაარღვია. ცენტრში ლოპესს გასცდა, შემდეგ ლაურენტეს, ბოლოს საჯარიმოს მისადგომებიდან ერლიკს ბურთი ფეხებშორის გაუძვრინა და კუთხეში გაიტანა. KK77 არ თამაშობს, დაფრინავს“.

Sportmediaset: „აი, ორნიშნა მაჩვენებელზე ავიდა, და 10 გოლი გაიტანა. გოლი, რომლის გატანა ადვილი არ არის, ადვილად გაიტანა, დაიწყო ცენტრიდან და ბურთი კუთხეში მოათავსა“.

Calcionapoli24: „კი, მაგრამ რა გოლი გაიტანა? შეგვეძლო აქ დაგვესრულებინა, მაგრამ შემდეგ ბევრი სხვა რაღაც იყო: მოპოვებული ბურთები, დრიბლინგები, მოგებული დუელები, პასი, რომელიც ოსიმენმა ვერ შეირგო. კვარასექსუალი“.

Calcionapoli1926: „გოლი, რომელიც შედევრია, ერთ-ერთი საუკეთესო სერია A-ს მიმდინარე სეზონში. მეტოქეებმა არ იციან, როგორ შეაჩერონ. ვიქტორთან ერთად ქმნის ტანდემს, რომლისაც ნახევარ ევროპას შურს“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ყველა ტურნირზე (სერია A, ჩემპიონთა ლიგა) ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 პენალტი აქვს თავის ანგარიშზე. კონკრეტულად სერია A-ში 9 საგოლე პასით ის ლიდერია, ხოლო 10 გოლით ბომბარდირებში მეოთხე პოზიციაზეა, ლიდერი კი ოსიმენია 18 გოლით.

„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 62 ქულა დააგროვა და „ინტერს“ უკვე 18 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. 21 თებერვალს, „აძური“ „აინტრახტს“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად შეხვდება, ხოლო 25 თებერვალს, ასევე სტუმრად „ემპოლისთან“ ითამაშებს.

0.114315