ფეხბურთი

3:05 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელიამ პეპლის სიმსუბუქე აჩვენა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სასუოლოსთან“ (2:0) მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, გამარჯვება ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე მოიპოვეს.

„კარგად ვითამაშეთ და მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ გავიტანეთ ორი გოლი ინდივიდუალური მოქმედებებით, რაც თამაშის ნაწილია. ბოლო გამარჯვებებს რომ შევადარო, დღეს თამაშის მიმდინარეობა ყველაზე კარგი იყო, მაგრამ მოვიგეთ კვარას გოლით, რომელიც პეპლის სიმსუბუქით გაიტანა, იმ სიფარფატით, რომელიც ახასიათებს და ოსიმენის წარმოუდგენელი გოლით, რომელმაც ორი მარტივი მომენტი ვერ გამოიყენა. მეტი ბალანსი უნდა ვიპოვოთ, რომ კვარასა და ოსიმენის განსაკუთრებული თამაშის ლოდინი საჭირო არ გახდეს.

ოსიმენის ტრავმა? რაც შევაფასეთ, განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ ცოტა დაღლილობა იყო. „აინტრახტი“? ძლიერი გუნდია, ძალიან სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ. მათ აქვთ საჭირო ევროპული გამოცდილება, რადგან შარშან ევროპა ლიგა მოიგეს. ყველა მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც გადამწყვეტს და ვიცით, რომ განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე ასეა. ბიჭებმა იციან, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, ზედმეტი გათვლების გარეშე“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ყველა ტურნირზე (სერია A, ჩემპიონთა ლიგა) ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 პენალტი აქვს თავის ანგარიშზე. კონკრეტულად სერია A-ში 9 საგოლე პასით ის ლიდერია, ხოლო 10 გოლით ბომბარდირებში მეოთხე პოზიციაზეა, ლიდერი კი ოსიმენია 18 გოლით.

„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 62 ქულა დააგროვა და „ინტერს“ უკვე 18 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. 21 თებერვალს, „აძური“ „აინტრახტს“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად შეხვდება, ხოლო 25 თებერვალს, ასევე სტუმრად „ემპოლისთან“ ითამაშებს.

0.113731