შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა, საფრანგეთის კურშეველში მიმდინარე, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მეორე მედალი მოიპოვა. ამჯერად მან გიგანტური სლალომის შეჯიბრი მოიგო. მან უკან ჩამოიტოვა თანამემამულე ლოიკ მეიიარი. მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა ავსტრიელი მარკო შვარცი.
არადა, შვარცი ერთ-ერთი ფავორიტი იყო და მისი შანსები განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც პირველ ცდაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა. მაგრამ მეორეზე მხოლოდ მე-18 შედეგს დასჯერდა. ამგვარად, ავსტრიელები კურშეველსა და მერიბელში ჯერჯერობით ოქროს მედლების გარეშე რჩებიან.
აღსანიშნავია, რომ პირველი ცდისთვის ტრასა, ავსტრიელი მწვრთნელის მითითებით დაიხაზა, მეორე ცდაზე კი ამის უფლება შვეიცარიელ მწვრთნელს ჰქონდა.
მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოდერმატმა კურშეველში პირველი ოქრო დაშვების რბოლაში მოიპოვა. პირველი ცდის შემდეგ, ის შვარცს 0.58 წამით ჩამორჩებოდა. საბოლოოდ კი მეიიარდს 0.32 წამით აჯობა.
ოდერმატი (ფოტოზე მშობლებთან ერთად), ვინც მსოფლიო თასს აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერობს, სულ მეხუთე მოთხილამურეა, ვისაც მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე, დაშვების და გიგანტური სლალომის ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.
„ფინიშის შემდეგ ცოტა გამოვითვალე და გავაცნობიერე, რომ ჩვენ ორი მედალი მოვიპოვეთ. მოგებას არ ველოდი. მარკომ პირველ ცდაზე შესანიშნავად ისრიალა, მაგრამ მეორეზე შეცდომები დაუშვა, რითაც გამარჯვებაში დამეხმარა“, - განაცხადა ოდერმატმა.