იტალიის სერია A-ს 23-ე ტური „ნაპოლის“ მატჩით გაიხსნა და ლიდერმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა რეჯო ემილიაში „სასუოლო“ 2:0 დაამარცხა, დამაჯერებლად, მშვიდად, ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე.
ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი დიდებული თამაში ჰქონდა და კიდევ ერთი ფანტასტიკური გოლი გაიტანა. სწორედ კვარამ დაუდო სათავე ნეაპოლიტანელთა მეოცე გამარჯვებას სერია A-ს მიმდინარე სეზონში. მე-12 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა სამი მეტოქე მოატყუა, მოედნის ცენტრიდან საჯარიმოში ისე შევიდა, რომ ვერავინ გააჩერა და ანგარიში გაიხსნა.
ეს იყო კვარაცხელიას მე-10 გოლი სერია A-ს მიმდინარე სეზონში და ტოპლიგაში ერთ სეზონში ქართველი ფეხბურთელებისთვის ეს სარეკორდო შედეგია. კვარას კიდევ ჰქონდა ლამაზი მოქმედებები, ფინტები, პასები, მაგრამ მეტი ვეღარ გაიტანა. სამაგიეროდ, გაიტანა, ვიქტორ ოსიმენმა, რომელმაც 33-ე წუთზე ძალიან მახვილი კუთხიდან შეაგდო და უპირატესობა ორამდე გაზარდა.
დარჩენილ დროში სპალეტის გუნდმა ეს ფორა შეინარჩუნა და საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა. ხვიჩა 78-ე წუთზე შეცვალეს, რაც ლოგიკურია, რადგან ოთხ დღეში „აინტრახტთან“ მატჩია.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ყველა ტურნირზე (სერია A, ჩემპიონთა ლიგა) ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 პენალტი აქვს თავის ანგარიშზე. კონკრეტულად სერია A-ში 9 საგოლე პასით ის ლიდერია, ხოლო 10 გოლით ბომბარდირებში მეოთხე პოზიციაზეა, ლიდერი კი ოსიმენია 18 გოლით.
„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 62 ქულა დააგროვა და „ინტერს“ უკვე 18 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. 21 თებერვალს, „აძური“ „აინტრახტს“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად შეხვდება, ხოლო 25 თებერვალს, ასევე სტუმრად „ემპოლისთან“ ითამაშებს.
„სასუოლო“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 კვარაცხელია (12), 0:2 ოსიმენი (33)