ძიუდო

21:06 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარგველაშვილის ოქრო და ნადირაძის ბრინჯაო თელ ავივის გრანდ სლემზე

თელ ავივის გრანდ სლემი საქართველოსთვის კარგად დაიწყო და პირველივე დღეს ვაჟა ვარგველაშვილი ოქროს, ხოლო ლაშა ნადირაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

66 კგ წონით კატეგორიაში ნადირაძემ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა გერმანელი მარტინ სეტცი, ეკვადორელი ლენინ პრესიადო და ისრაელის წარმომადგენელი ბარუშ შმაილოვი, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს გაეჯიბრა, მაგრამ დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის მასპინძელ ტალ ფლიკერს შეხვდა, რომელსაც ლამის 10-წუთიან ბრძოლაში აჯობა. აღსანიშნავია, რომ ქართველს მსაჯმა რამდენიმე გდება არ შეუფასა, მაგრამ არბიტრის დაბრკოლებაც გადალახა და ბრინჯაო მაინც მოიპოვა.

ამავე წონაში ვაჟა მარგველაშვილმა იტალიელი ფაბიო ბაზილე, გერმანელი ლენარტ სლამბერგერი დაამარცხა, მეოთხედფინალში ბულგარელ იანისლალ გერჩევსაც აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანელ ალბერტო გაიტეროსთან იპონით მოიგო და ფინალში საფაროვს შეხვდა, რომელმაც როგორც ვთქვით, ნადირაძეს აჯობა. მარგველაშვილმა მისი ძლევა მოახერხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველ წრეში თურქმენი ჰაკბერდი ჯუმაიევი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ავსტრალიელ ჯოშუა კატცთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 17 და 18 თებერვალს, თელ ავივის გრანდ სლემზე კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

0.111704