ფეხბურთი

1:37 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" "არსენალს" მოუგო და ქულებით გაუთანაბრდა (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგაში საჩემპიონო დუელი კიდევ უფრო დაიძაბა! „მანჩესტერ სიტიმ“ „ემირეითსზე“ „არსენალი“ დაამარცხა და ქულებით გაუთანაბრდა.

მიმდინარე სეზონში ეს გუნდები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, ეს იყო მე-12 ტურის გამოტოვებული მატჩი და ის ფაქტი, რომ თავის დროზე ეს შეხვედრა არ ჩატარდა, „არსენალისთვის“ უარყოფითი აღმოჩნდა, რადგან იმ დროს გაიმართა თამაში, როცა მიკელ არტეტას გუნდი სეზონში ყველაზე ცუდ ფორმაში იყო.

„სიტი“ კევინ დე ბრუინმა დააწინაურა, რომელმაც ტომისაუს უხეში შეცდომით ისარგებლა, მაგრამ ლონდონელებმა ტაიმის ბოლოს ბუკაიო საკას პენალტით გათანაბრება მაინც მოახერხეს. მეორე ტაიმში კი პეპ გვარდიოლას გუნდმა უკეთ ითამაშა და ორჯერ გაიტანა. ჯეკ გრილიშმა და ერლინგ ჰოლანდმა „სიტის“ საჩემპიონო შანსი ძალიან გაზარდეს.

„არსენალმა“ ბოლო სამ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და შედეგად, ახლა 51-51 ქულით „სიტისთან“ ერთად ლიდერობას იყოფს. „მეთოფეებს“ თავის ნუგეში მხოლოდ იმით თუ შეუძლიათ, რომ კონკურენტთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. სხვათა შორის, ძალიან შორს აღარც „მანჩესტერ იუნაიტედია“, რომელიც ლიდერთა დუეტს 5 ქულით ჩამორჩება.

„არსენალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 დე ბრუინი (24), 1:1 საკა (42, პენ), 1:2 გრილიში (72), 1:3 ჰოლანდი (82)

0.111691