ავტოსპორტი

22:20 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ ისევ შავებში გამოეწყო

„მერსედესმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, W14 გვიჩვენა, რომელიც W12-ის მსგავსად, ისევ შავ ფერშია გამოწყობილი. ოღონდ, ეს მოხდა არა ლუის ჰამილტონის მოთხოვნით, არამედ იმის გამო, რომ მანქანის ძარის დიდი ნაწილი შეღებილი არაა და კარბონის შავი ფერისაა.

მთავარი ისაა, რომ გუნდი ისევ გამარჯვებებისთვის და ტიტულისთვის ბრძოლას გეგმავს. ჰამილტონს გვერდში ისევ ჯორჯ რასელი ეყოლება, რეზერვში კი სამქიმიანებს მიკ შუმახერი დაემატათ.

„კარგად გამოიყურება. იქნება ის ისევე სწრაფი, როგორც გამოიყურება? იმედი მაქვს, კი. ახლა მთავარი კითხვაა - შევძელით წინა მანქანასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემის მოგვარება? რა გამოწვევები გაჩნდება მას შემდეგ, რაც ტრასაზე გავალთ? ეს ჯერ არ ვიცით. მაგრამ განწყობა დადებითი გვაქვს. ჩვენ განვითარების საშუალებები გვაქვს და იმედია, ჯორჯს და ლუისს მივცემთ ისეთ რამეს, რაც მუშაობს“, - განაცხადა ტოტო ვოლფმა.

ძარის შეუღებავი ნაწილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამის ხარჯზე, წონა დაიზოგა. სწორედ წონის შემცირება იყო ინჟინრების მთავარი მიზანი. გარდა ამისა, ბევრი იმუშავეს ძრავის სპეციალისტებმა და მოახერხეს აგრეგატის გამძლეობის გაუმჯობესება. ამით კი, შესაძლებელი იქნება სიმძლავრის სრულად ათვისება. შედგად, ჰამილტონის და რასელის სამსახურში, მეტი ცხენის ძალა ჩადგება.

უცვლელი დარჩა რადიატორის კორპუსის მინიმალისტური გადაწყვეტა. გუნდში თვლიან, რომ ასეთი კონსტრუქცია ეფექტურია. რაც მთავარია, ვოლფი ამბობს, რომ ამ სეზონში მანქანას აღარ ექნება ეგრეთ წოდებული პორპოსინგის (ვერტიკალური რხევების) პრობლემა, რომლის გამოც, გასულ სეზონში ინჟინრებს კომპრომისზე წასვლა ხშირად უწევდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119874