ფეხბურთი

17:24 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა ჯუღელი: "კვარაცხელია „ნაპოლის“ გარდა, არცერთ იტალიურ კლუბში არასოდეს ითამაშებს"

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა CalcioNapoli24-თან „ნაპოლის“ ქართველი შემტევის შესახებ ისაუბრა და მისსა და ნეაპოლის ურთიერთობაზე გააკეთა აქცენტი:

„კვარას მხოლოდ მე წარმოვადგენ. მას ურთიერთობა ჩემთან და მამამისთან აქვს და არ არსებობს მესამე პირი, როგორც ესპანურ მედიაში წერენ. კვარას არანაირი კავშირი არ აქვს ბრიტანულ სააგენტო Base-სთან, ეს ტყუილია და რეალობას არ შეესაბამება, კვარა ამ უწყებასთან არაფერ შუაშია. სხვა კლუბების მხრიდან ინტერესი არის, თუმცა კვარა მხოლოდ სკუდეტოს მოგებაზე და „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ფიქრობს.

ის ზრუნავს, რომ ნეაპოლის ხალხს ბედნიერება მოუტანოს. კვარას უყვარს ნეაპოლი. მან მითხრა, რომ საკუთარ თავს ფეხბურთის კუთხით იტალიაში მხოლოდ „ნაპოლის“ მაისურით ხედავს და სხვა იტალიურ კლუბში არასოდეს ითამაშებს, რადგან ნეაპოლი მისი სახლია.

ამ მომენტისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შემოთავაზებები არ მიგვიღია, თუმცა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და თუ რაიმე ახალი მოხდება, აუცილებლად შეიტყობთ“, - განაცხადა ჯუღელმა.

კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა მისი მისამართით ინტერესს ევროპის ტოპ კლუბები, მათ შორის „მანჩესტერ სიტი“ და „რეალ მადრიდი“ იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

0.110061