ფეხბურთი

19:37 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "სპალეტიმ იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას, რაც კონტემ დაუშვა"

იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანკო ორდინემ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ლუჩანო სპალეტიმ ანტონიო კონტეს მსგავსი შეცდომა არ უნდა დაუშვას და გუნდი სერია A-ს პარალელურად ჩემპიონთა ლიგაზეც მაქსიმალური ძალით უნდა ათამაშოს.

„ჩემი აზრით, სერია A-ს მიმდინარე სეზონის ყველაზე მეტად საინტერესო საკითხია, რამდენ ქულას დააგროვებს „ნაპოლი“. ამ თვალსაზრისით მინდა, რომ სპალეტიმ არ დაუშვას იგივე შეცდომა, რაც ანტონიო კონტემ რამდენიმე წლის წინ „იუვენტუსში“ დაუშვა, როდესაც „იუვენტუსის“ მწვრთნელმა მთელი აქცენტი სერია A-ზე გააკეთა, რომ გუნდს 100 ქულა მოეპოვებინა და მეორე პლანზე გადასწია ევროპა ლიგა, რომლის ფინალი ტურინში, მათ სტადიონზე იმართებოდა და შეეძლო ერთით მეტი ტიტული მოეგო“, - თქვა ორდინემ.

2013-2014 წლების სეზონში „იუვენტუსმა“ სკუდეტო 102 ქულით მოიგო და ეს იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა, როცა გუნდმა 100-ქულიანი ზღვარი გადალახა. იმ სეზონში პარალელურად „იუვე“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლისაბონის „ბენფიკასთან“ (1:2, 0:0) დამარცხდა და ფინალს მიღმა დარჩა, რომელიც „იუვენტუს სთედიუმზე“ „ბენფიკასა“ და „სევილიას“ შორის გაიმართა. მაშინ კონტემ სერია A-ში უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, აქცენტი შიდა ჩემპიონატში რეკორდის დამყარებაზე გააკეთა და ევროპა ლიგაზე გუნდს გადახალისებული შემადგენლობით ათამაშებდა.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ 22 ტურში 59 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. 22 ტურის თავზე სერია A-ში მსგავსი უპირატესობა აქამდე არასდროს ჰქონია. ლუჩანო სპალეტის გუნდი თუ ტემპს არ დააგდებს, 2014 წლის „იუვეს“ რეკორდის მოხსნა შეუძლია. ტურინელებმა მაშინ სერია A 38 ტურში 33 მოგებით, 3 ფრით და 2 წაგებით (102) დაასრულეს, ხოლო „ნაპოლის“ აქტივში 22 ტურში 19 მოგება, 2 ფრე და 1 წაგებაა. შესაბამისად, რეკორდი რომ გააუმჯობესოს, დარჩენილ 16 ტურიდან 14 მატჩი უნდა მოიგოს და ორჯერ ფრე ითამაშოს ან 15 გამარჯვება მოიპოვოს.

0.120755