მიუნხენის „ბაიერნთან“ გასამართი მატჩის წინ პარიზელთა ბანაკში სასიამოვნო სიახლეებია. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა როგორც ლეო მესიმ, ისევე კილიან მბაპემ მიიღეს.
დიდი შანსი იყო იმის, რომ „პსჟ“-ს ორივე ვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გამოეტოვებინა. ლიგა 1-ში გასამართი მატჩის წინ, კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ მესი ვარჯიშს ორშაბათს დაუბრუნდებოდა, მბაპეზე კი უფრო ხანგრძლივი უქმობა ივარაუდებოდა.
არგენტინელმა დაზიანება თასზე „მარსელთან“ მატჩის დროს მიიღო და ლიგა 1-ში „მონაკოსთან“ გამართული დაპირისპირება გამოტოვა. რაც შეეხება მბაპეს, ფრანგს თვის დასაწყისიდან აღარ უთამაშია, როდესაც „მონპელიესთან“ შეხვედრაში დაშავდა.
ცოტა ხნის წინ „პსჟ“-მ ჩემპიონთა ლიგის განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც 2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონებიც არიან მოხვედრილი და შესაძლოა „რეკორდმაისტერის“ წინააღმდეგ მათ ითამაშონ. მათთან ერთად ვარჯიშზე გამოჩნდა მარკო ვერატიც.
ჩემპიონთა ლიგა ხვალ ბრუნდება. „პსჟ“-სა და მიუნხენის „ბაიერნის“ მატჩი კი 23:55 წუთზე გაიმართება.