ამერიკული სპორტის სამყაროში ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა, სუპერ ბოლი „კანზას სითი ჩიფსის“ გამარჯვებით დასრულდა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს „კანზას სითი ჩიფსი“ და „ფილადელფია იგლზი“ დაუპირისპირდნენ.“ ერთ-ერთი ყველაზე დრამატული სუპერ ბოლი კანზასელთა გამარჯვებით, 35:38 დასრულდა.
მატჩის პირველი თაჩდაუნი ჯეილენ ჰართსის ანგარიშზეა, რომელმაც თავისი მასიური კედლის დახმარებით შეიტანა ბურთი მეტოქის ენდზონაში. საქმეში მაჰოუმსი-კელსის ტრადიციული კომბინაციაც მალევე ჩაერთო და „ჩიფსმა“ ანგარიში გაათანაბრა.
მეორე პერიოდში ჰართსმა თავისი პასის უნარებიც გამოამჟღავნა, როდესაც შესანიშნავი გადაცემით ეი ჯეი ბრაუნი მოძებნა, მანაც ბრძოლაში ჩამოხსნა ბურთი და გუნდი კვლავ დააწინაურა. ჯეილენმა რამდენადაც კარგად ითამაშა წინა მომენტები შეტევაში, ის იმდენადვე ცუდი იყო მომდევნო შეტევებში, რასაც მოჰყვა კიდეც ის, რომ ბურთი ხელიდან გაუვარდა, ის სწრაფადვე აიღო ბოლტონმა და ენდზონაში ანგარიშიც გაათანაბრა. ჰართსმა მალევე სცადა შეცდომის გამოსწორება და გამოუვიდა კიდეც. 10-იარდიანი ზონიდან მან მარტივად შეძლო მეორე თაჩდაუნის გატანა და დიდ შესვენებაზე „იგლსი“ 10 ქულიანი უპირატესობით, 14:24 გავიდა.
დიდ შესვენებაზე შედგა რიანას შოუ, სადაც მომღერალმა გულშემატკივრებს სიურპრიზი შესთავაზა. როგორც აღმოჩნდა, ის მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ. მისმა 14 წუთიანმა პერფორმანსმა შესაძლოა გულშემატკივრები ისე ვერ აღაფრთოვანა, როგორ გასულ წელს დადგმულმა საოცარმა შოუმ, თუმცა მისმა ფეხმძიმობამ ინტერნეტ სივრცე კი ნამდვილად ააფეთქა.
განახლდა მეორე ტაიმი და შუა წელში პაჩეკომ ანგარიშიც შეამცირა. მესამე პერიოდის დასრულებამდე „იგლზმა“ 3-ქულიანი შეასრულა და გადამწყვეტი პერიოდის წინ 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა წინ: 21:27
მეოთხე პერიოდში ტრავმირებულმა მაჰოუმსმა მაინც ბოლომდე იბრძოლა. დასაწყისში მალევე კარგი დამუშავებული კომბინაციით ტოუნი მოძებნა და სხვაობა შეამცირა. 3 წუთში ტოუნიმ ბრწყინვალე, 60-იარდიანი გარბენი შემოგვთავაზა და მეტოქის ენდ ზონასთან ძალიან ახლოს მიიტანა ბურთი. ეს მომენტი რა თქმა უნდა, კარგად გამოიყენა „ჩიფსმა“ და სქაი მურმა, ჰარისონ ბატკერის ექტრა ქულით კანზასური გუნდი უკვე 8 ქულით დააწინაურა. ჯეილენ ჰართსმა ისევ გამოაჩინა კლანჭები და ისევ ანახა ყველას, რომ ლამარ ჯექსონივით მხოლოდ მორბენალი კვატერბეკი არ არის. მისი დიდებული გადაცემა დევონტე სმიტს ნამცხვრის ნაჭერივით ჩაუვარდა ხელებშიმ „იგლზის“ 6-იანმა ენდზონაში შესვლამდე წონასწორობა დაკარგა, თუმცა იმავე შეტევაში ჰართსმა უკვე თავისი უნარები გამოავლინა და მატჩში ბოლო თაჩდაუნი გაიტანა. „იგლზის“ ჩამორჩენა 2-ქულიანი იყო, ამიტომ ექსტრა ქულის გათამაშებაზე წავიდა გუნდი და გამოუვიდა კიდეც, რაც იმას ნიშნავდა, რომ სუპერბოლ LVII-ს დასრულებამდე 5:15 წუთით ადრე, ანგარიში თანაბარი იყო.
შეტევები ისე წარიმართა, რომ ბურთის ბოლო ფლობა „ჩიფსს“ დარჩა. კართან ძალიან მიახლოვებულმა „ჩიფსმა“ დრო ბოლმდე გაწელა ისე, რომ თავიანთ დამრტყმელს, ჰარისონ ბატკერს შესანიშნავი პლაცდარმი შეუქმნდა. 7-იანმა 27-იარდიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს ჩემპიონობა მოუტანა! – „იგლზი“ 35:38 „ჩიფსი“
სუპერბოლის MVP „ჩიფსის“ გამთამაშებელი, პატრიკ მაჰოუმსი გახდა, ის 1999 წლის შემდეგ პირველი მოთამაშეა, რომელმაც სეზონის MVP-ის ჯილდო, სუპერ ბოლის MVP-ის ჯილდო და სუპერ ბოლი მოიგო.
საინტერესო სტატისტიკები:
„ჩიფსის“ მწვრთნელი რიდი გახდა ისტორიაში მე-15 მწვრთნელი, რომელმაც რამდენიმე სუპერბოლი მოიგო.
მაჰოუმსი მე-13 გამთამაშებელია, რომელმაც რამდენიმე სუპერბოლი მოიგო.
ჰართსი პირველი გამთამაშებელია, რომელმაც სუპერბოლში 3 თაჩდაუნი სირბილით შეასრულა.
მას ასევე რაშების რეკორდი ეკუთვნის - 70.
