ესტონელმა მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ოტ ტანაკმა, შვედეთის რალი მოიგო და ორი ეტაპის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. გამარჯვებულმა, ვინც გასული სეზონის შემდეგ, „ჰიუნდაი“ დატოვე და „M-სპორტში“ გადავიდა, 18.7 წამით აჯობა კორეული კომპანიის გუნდის ირლანდიელ პილოტ კრეიგ ბრინს.
ეს „ფორდის“ მანქანით მოპოვებული პირველი გამარჯვებაა მას შემდეგ, რაც სებასტიან ლოებმა მონტე კარლოს შარშანდელი რალი მოიგო. ამ ორ მოგებას შორის, 385 დღე გავიდა.
„ჰიუნდაის“ კიდევ ერთი პილოტი, ტიერი ნოივილი მესამე ადგილს დასჯერდა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ფინელი კალე როვანპერა კი, ვინც „ტოიოტას“ ავტომობილით ასპარეზობს, მეოთხეზე გავიდა.
ამ გამარჯვებით, ტანაკს 41 ქულა დაუგროვდა. ის სამ ქულას უგებს მეორეზე მყოფ როვანპერას, მესამეზე კი 32 ქულით ნოივილია.
„ეს გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩემთვის ახალი მანქანით ასპარეზობა მიწევს და უკვე რბოლის მოგება შევძელი. ჩემ გუნდს დიდ ავტომწარმოებლებთან უწევს პაექრობა და ეს გამარჯვება მათი გარჯის საუკეთესო დაფასებაა“, - განაცხადა ტანაკმა, ვისი გუნდიც „ფორდის“ საქარხნო მხარდაჭერით არ სარგებლობს.