„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „კრემონეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აუტსაიდერს ხვდებიან, რთული თამაში იქნება და მისმა გუნდმა კონცენტრაცია არ უნდა მოადუნოს.
„არა, ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არ ვფიქრობ. ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს, რომ მხოლოდ „კრემონეზესთან“ თამაშზე ვიყო კონცენტრირებული, სხვა რაღაცებზე ფიქრით ენერგია არ უნდა დავკარგოთ. მახსოვს, რომ „კრემონეზემ“ იტალიის თასზე დაგვამარცხა და მათი ძლევა ადვილი არაა, პირველ წრეში დიდი სხვაობით მოვიგეთ, მაგრამ მეორე გოლი მხოლოდ ბოლოს გავიტანეთ.
შემიძლია ვთქვა, რომ „ნაპოლი“ კარგ ფეხბურთს თამაშობს და კიდევ უკეთ თამაშიც შეგვიძლია. ამისთვის ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, მხოლოდ ერთად შეგვიძლია უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ, მერე კი არის ინდივიდები, რომლებსაც ხშირად გამოყოფთ, გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც აქვთ ისეთი თვისებები, რაც ოსიმენმა აჩვენა სპეციასთან თავით გატანილ გოლში ან კვარაცხელიამ, როდესაც თანაგუნდელს ცარიელ კარში გოლი გაატანინა.
კონტრაქტი? ახლა ჩემი კონტრაქტი პატარა დეტალია იმ უზარმაზარ შესაძლებლობასთან შედარებით, რაც ჩვენს წინაშეა. მთავარი სეზონია და სხვა რამეებზე არ უნდა ვიფიქროთ.
არ ველოდი, რომ ასეთი მასშტაბის სეზონის პირველი ნაწილი გვექნებოდა, როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. სადღაც წავიკითხე, რომ 13 გამარჯვება გვეყოფა სკუდეტოს მოსაგებად, მაგრამ მეღიმება, ამას თქვენ წერთ, მაგრამ ვინ არის დარწმუნებული, რომ ეს საკმარისი იქნება? მოედანზე უნდა გავიდეთ და თითოეული თამაშის მოგებაზე ვიფიქროთ. ამიტომ, მთელი ყურადღება ხვალინდელ მატჩზე უნდა გვქონდეს, ხვალ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ღირსება და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრებიც სწორად შეაფასებენ ამ თამაშის მნიშვნელობას, რადგან მათი მხარდაჭერა გვჭირდება“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს 56 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს. „ნაპოლი“ – „კრემონეზეს“ მატჩი 12 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც იუბილარი იქნება, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს თამაშს, ხოლო ლუკა ლოჩოშვილი ტრავმის გამო კრემონელთა განაცხადში არაა.