ბრიტანელი ველომრბოლი მარკ კავენდიში 37 წლისაა, მაგრამ ტურ დე ფრანსის, სპრინტერულ ეტაპებზე ისევ ფავორიტთა შორის არის ხოლმე და ამბიციები წლევანდელი ველომარათონისთვისაც აქვს. მან ახლახანს კონტრაქტი გააფორმა ყაზახურ „ასტანასთან“ და დიდ რბოლაშიც მისი მაისურით იასპარეზებს.
კავენდიში ახალ სეზონს ომანის ტურით დაიწყებს და არ მალავს, რომ წლევანდელი ტური მის კარიერაში ბოლო იქნება. და ის ამ რბოლაში გამარჯვებებისთვის იბრძოლებს.
მას რამდენიმე რთული თვე ჰქონდა - „ქვიკ-სტეპთან“ კონტრაქტის დასრულების შემდეგ, „B&B ჰოტელზს“ დაუკავშირდა, მაგრამ ამ გუნდმა სპონსორები დაკარგა და დაიშალა. კავენდიში გუნდის გარეშე რჩებოდა, მაგრამ ბოლოს ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ყაზახურ „ასტანასთან“, რომელსაც მისი ყოფილი თანაგუნდელი, ყაზახი ალექსანდრე ვინოკუროვი ხელმძღვანელობს.
კავენდიშს სხვა პრობლემებიც აქვს. ორი წლის წინათ, მას ბინაში მძარცველები დაესხნენ თავს, რომლებსაც ახლახანს 12 და 15 წელი მიუსაჯეს. თავდასხმის მომენტში, მისი მეუღლე პეტა ფეხმძიმედ იყო და როგრც ამბობს, იმ ძარცვის შემდეგ, სახლი ყოველთვის იმ მძიმე მომენტს ახსენებს, როდესაც მძარცველები მას და ოჯახს დანით ემუქრებოდნენ.
კავენდშს საგზაო რბოლებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული. ასევე მოიგო მონუმენტური მილანი-სან რემო და მოპოვებული აქვს ოლიმპიური ვერცხლის მედალი. ახალ სეზონში მისი მთავარი მიზანი, ტურ დე ფრანსზე ერთი რეკორდის დამხობაა. ესაა ტურის 34 ეტაპის მოგება, რომლის ავტორიც, ლეგენდარულ ბელგიელ ედი მერქსთან ერთად არის. სწორედ ამ რეკორდის გაუმჯობესების იმედი (და რეალური შანსი) აქვს.
„ჩემი კარიერა ტურ დე ფრანსს დავუკავშირე, სადაც ერთი დიდი რეკორდის დამყარება შემიძლია. ხალხი ტურზე ერთი რბოლის მოგებაზე ოცნებობს. მე ეს არ დამაკმაყოფილებს. მე ორი, სამი, ან მეტი გამარჯვება მწყურია“, - ამბობს კავენდიში.
წლევანდელ ტურზე სულ რვა სპრინტერული ეტაპია, რომლებში გამარჯვებაც კავენდიშს შეუძლია. ის ასევე მწვანე მაისურისთვის იბრძოლებს.