კალათბურთი

11:07 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 13 წუთი და "ლეიკერსი" ლებრონის გარეშე - "მილუოკი ბაქსმა" ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო „მილუოკი ბაქსმა“. მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ შეხვდა და 9-ქულიანი სხვაობით - 115:106 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მატჩი ტერფის დაზიანების გამო გამოტოვა NBA-ს ყველა დროის მექულე ლებრონ ჯეიმსმა, მის არყოფნაში კი „ლოს ანჯელესელtა“ რიგებიდან შროიდერი და ენტონი დევისი გამოირჩნენ. გერმანელმა 25 ქულით, 2 მოხსნითა და 12 შედეგიანი გადაცემით, ხოლო ამერიკელმა 23 ქულით, 16 მოხსნითა და 2 პასით ორმაგი დუბლები შეასრულეს.

გამარჯვებულთაგან კი საუკეთესო ტრადიციულად იანის ანტეტოკუმპო იყო. 28 წლის ბერძენმა არასრულ 36 წუთში: 38 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

გამოსარჩევია, რომ „ლეიკერსის“ წინააღმდეგ 12:48 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველმა ფორვარდმა საკუთარ გუნდს 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. სანდრომ 4-დან 2 სროლა ზუსტად გამოიყენა. მან 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. +- მაჩვენებელი +4 ჰქონდა, ხოლო 2 პერსონალური ფოლიც მიიღო.

„მილუოკი ბაქსი“ 38 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს კიდევ ერთ ლოს ანჯელესური გუნდის - „კლიპერსის“ წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო „ლეიკერსს“ ზედიზედ 3 მარცხის ფონზე, 25 გამარჯვების საწინააღმდეგოდ 31 წაგებით მე-13 პოზიცია უჭირავს და 12 თებერვალს „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ დაუპირისპირდება.

0.122442