ფეხბურთი

11:39 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დაუვიწყარი „მადონინა“

ბოლო დროს ისე ხდება, რომ საქართველოდან იტალიაში ფეხბურთის სანახავად თუ მიდიხარ, მაინცდამაინც ე.წ. ინფლუენსერი უნდა იყო, ნეაპოლში ჩახვიდე და იძახო, რომ ფეხბურთი დიდად არ გაინტერესებს, მაგრამ რომელიღაც კომპანიამ „ნაპოლის“ თამაშზე მესამედ წაგაბრძანა და ამასობაში (მგონი) ფეხბურთი შეგიყვარდა კიდეც, თითქოს ვინმე ვალდებული ვიყოთ მავანის ფეხბურთთან დამოკიდებულების შკალები ვზომოთ, როცა ჩვენს ქვეყნაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც იტალიური ფეხბურთით ცოცხლობენ, სუნთქავენ და აპენინებზე გამართული დიდი მატჩების ცქერა მიუღწეველ ოცნებად რჩებათ - დაახლოებით ასეთ ფიქრებში ვიყავი, როდესაც საკონტროლო ტურნიკეტი გავიარე და დიდებული „სან სიროს“ სტადიონზე აღმოვჩნდი.

5 თებერვალს გასამართ ლეგენდარულ „დერბი დელა მადონინაზე“, ანუ „ინტერნაციონალესა“ და „მილანის“ მატჩზე მოხვედრა მეგობრებმა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დავგეგმეთ და თამაშის ბილეთებიც მაშინ ვიშოვეთ, როდესაც ბილეთები ახალი დადებული იყო და მთელი მსოფლიო არ იყო მიმწყდარი. თვითმფრინავისა და თამაშის ბილეთების ადრე ყიდვა მუდამ სარისკოა, რადგან არ იცი რა მოხდება შემდეგში და რა პრობლემა გამოგიხტება, რაც თამაშზე წასვლაში შეგიშლის ხელს, თუმცა არსებობს გონივრული რისკები, როდესაც იცი, რომ საბოლოო შედეგი ასჯერ აღამეტება იმ განსჯასა და წვალებას, რამაც ამ შედეგამდე უნდა მიგიყვანოს. შედეგი კი, როგორც ერთი აწყოფილი ქართველი პოლიტიკოსი იტყოდა, იყო „უზარ-მაზაარი!“.

„მილანის“ თავგადაკლული მეგობრის სურვილით, „მადონინაზე“ თამაშს დაწყებამდე სამი საათით ადრე მივედით და არც გვინანია. მატჩის ნომინალურ მასპინძლად „ინტერი“ ითვლებოდა“ და სტადიონის უმეტესი ნაწილი შავ-ლურჯად იყო მოკაზმული. ტრიბუნებზე ნაადრევად გამოჭიმული ორივე მილანური გუნდის ტიფოზები საქომაგო სიმღერებში, თამაშის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ეპაექრებოდნენ ერთმანეთს და მათ შორის „სან სიროზე“ ნამდვილი მუსიკალური რინგი იყო გამართული. საქომაგო სიმღერების მოყვარული ვარ და ორივე კლუბის ძირითადი საგულშემატკივრო სიმღერები ადრეც მომესმინა, მაგრამ წარმოუდგენელი იყო ის შოუ, რასაც ადგილობრივი ტიფოზერია ჯერ მუსიკალური, შემდეგ უკვე ვიზუალური კუთხით დგამს. აელვარებდნენ ჩირაღდნებს, მრავალფერად რთავდნენ ტრიბუნებს, კიდებდნენ უზარმაზარ დროშებს და პლაკატებს და ალბათ ამის გამოცაა, რომ „დერბო დელა მადონინა“ ერთ-ერთ ლამაზ და თვალსაამო სანახაობად ითვლება მთელს მსოფლიოში.

მოძალებული ლომბარდიული საღამოს სუსხის მიუხედავად, დიდი დახლი ედგათ ლუდის გამყიდველებს და თამაშის დაწყებამდე ტიფოზთა აბსოლუტური უმრავლესობა ისეთ „ფორმაში“ იყო, ჩვენში გადაძლეულ მთვრალებს რომ უწოდებენ, თუმცა ჩვენს გარშემო არ გვინახავს არც ერთი ჩხუბი და გაწევ-გამოწევა. ბევრგან გვერდიგვერდ ისხდნენ ადამიანები, რომელთაგან ერთი „ინტერის“ შავ-ლურჯ“ ფერებში იყო გამოწყობილი, მეორეს კი „მილანის“ შავ-წითელი ემოსა, მაგრამ ეს რაიმე სახის უხერხულობას არ ქმნიდა. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თანამედროვე ადამიანები ფეხბურთის კვალად შეიცვალნენ და მიხვდნენ, რომ ზიზღი და ფეხბურთის გამო ადამიანების ცემა წასულში დასატოვებელი სიშტერეა. როგორც ერთი დიდი კაცი იტყოდა, „ფეხბურთი უბრალოდ თამაშია“, რის გამოც თანაქალაქელებმა ერთმანეთზე არ უნდა იძალადონ, თორემ ქილიკს, იუმორს და ხითხითს არაფერი ჯობს!

„სან სირო“ უცნაური ფორმის სტადიონია, სადაც ტრიბუნები კოშკებს შორისაა მოქცეული და ყოველ ტრიბუნაზე მოხვედრა მხოლოდ ინდივიდუალური გასასვლელით შეიძლება. შედეგად, სტადიონი მალე ივსება და მატჩის დასრულების შემდეგ უსწრაფესად იცლება. აღნიშნულ კოშკებში მოწყობილია სივრცეები, სადაც შესაძლებელია მარტივად მოსამზადებელი სენდვიჩების, ყავის, წყლის, ჩაის და ჩვენს მიერ უკვე ხსენებული ლუდის მირთმევა. იქვეა მხოლოდ კონკრეტული სექტორისთვის გამოყოფილი საპირფარეშოები და სამედიცინო პუნქტიც კი. დავითვალე და გამოდის რომ ამ ერთ სტადიონზე მატჩის დროს 12 სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მატჩის შედეგით თუ სხვა რამ მიზეზით ტრიბუნაზე გულშეწუხებული ტიფოზები იტალიაში ჩვეულებრივ ამბად ითვლება. მათი დახმარება სასწრაფოა და საშური.

მილანური დერბის სანახავად ქომაგები ჩამოსულნი იყვნენ თითქმის მთელი მსოფლიოდან, დაწყებული აშშ-დან დამთავრებული კორეითა და იაპონიით. ვნახეთ შუააზიელი ჩინელი ქომაგებიც კი. სამწუხაროდ იმ დღეს “სან სიროზე“ ქართველები არ გვინახავს, თუმცა მეორე დღეს გადავაწყდით ცოლთან ერთად სპეციალურად ამ თამაშის სანახავად ჩამოსულ ქართველ ბიჭს, რომელიც მატჩის შედეგით გულდათუთქული გახლდათ, რადგან „მილანს“ ქომაგობდა და დიდი იმედი ჰქონდა, რომ მისი საყვარელი გუნდი მოიგებდა.

ეს იყო ნამდვილი და დიდებული საფეხბურთო ზეიმი, სადაც მართალია ერთმა გუნდმა გაიმარჯვა, თუმცა მთავარი ყოველთვის ისაა რაც მშრალ ციფრებს იქით ხდება. დაუვიწყარია, როგორ მღეროდნენ „ინტერის“ ჰიმნს ეტლის მომხმარებელი 12-იოდე წლის გოგონა და მამამისი; მთელი მატჩის განმავლობაში ჯოხის კაკუნით წინ და უკან როგორ დარბოდა ასაკოვანი მოხუცი და როგორ ამშვიდებდა სტიუარდი; „მილანის“ გადარეულმა ტიფოზმა ბიჭმა როგორ გაიხადა და ისროლა ფეხსაცმელი წინ და მერეღა გაახსენდა, რომ იმ სიცივეში ცალი ფეხსაცმლის ამარად დარჩა...

ძალიან არ მიყვარს მატჩების მიმდინარეობაზე ლაპარაკი მაშინ როდესაც თამაში ისედაც ყველას ნანახი აქვს და დარწმუნებული ვარ, არავის აინტერესებს ჩემს მიერ მოთხრობილი „ბრძენმეტყველება“ ლაუტაროს გატანილი თუ არჩათვლილი გოლების შესახებ. ისიც ალბათ ბევრმა ნახეთ, მეორე ტაიმში როგორ ცდილობდა „მილანი“ და კონკრეტულად ლეაო თუნდაც ერთი გოლის გატანას, მაგრამ იმ დღეს საფეხბურთო ღმერთი „ინტერისკენ“ იყო და რაკი არც ერთი გუნდის ქომაგი არ ვარ, იმის თქმასაც გავბედავ, რომ „ინტერმა“ ეს თამაში დამსახურებულად მოიგო, თუმცა არც 1:1 იქნებოდა ურიგო შედეგი და ეს განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ აწყობდა. ცხადია, ყველაფერი ყოველთვის ისე ვერ მოხდება როგორც ჩვენ გვინდა. სხვა დანარჩენებისთვის კი ხვიჩა-ოსიმენის ტანდემი არსებობს.

რაც შეეხება ხვიჩას, „ნაპოლის“ და ქართველებისადმი იტალიელების დამოკიდებულებას... ამის დაუწერლობა და უთქმელობა არ გამოვა. ნეაპოლური გუნდის თამაში “მადონინამდე“ რამდენიმე საათით ადრე იყო და ხვიჩას საოცარი პასების მხილველნი მილანის ცენტრში მდებარე ირლანდიურ პაბში გავხდით.

ასე რომ, თქვენ თვალი ადევნეთ ჩვენი პორტალის სიახლეებს და მილანში ქართულად „გულდათუთქვებზე“ ცალკე ტექსტის დაწერა ჩემზე იყოს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121485