ინგლისის პრემიერლიგაში მერვე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლიდსს“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა.
თამაში იორკშირელთა სწრაფი გოლით დაიწყო: 19 წლის იტალიელმა ვილფრიდ ნიონტომ დიდებულად ითამაშა და საჯარიმოს მისადგომებიდან დავიდ დე ხეას აუღებელი დაურტყა. „ლიდსისთვის“ მეორე ტაიმიც იდეალურად დაიწყო და რაფაელ ვარანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რის შედეგადაც სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდი მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა და მარცხს თავი მაინც აარიდა. 62-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 8 წუთის შემდეგ ჯეიდონ სანჩომაც გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.
„მანჩესტერს“ მოსაგებად საკმარისი დრო ჰქონდა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა და ფრეს დასჯერდა. შედეგად, „იუნაიტედი“ 22 თამაშში მოპოვებული 43 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „არსენალს“ კი 7 ქულით ჩამორჩება და თან ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. „ლიდსი“ 19 ქულით მე-16 პოზიციაზეა. სხვათა შორის, ეს გუნდები მომდევნო ტურში, სამ დღეში, 12 თებერვალს, კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს, ოღონდ ამჯერად „ელან როუდზე“.
„მანჩესტერი“ – „ლიდსი“ 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 ნიონტო (1), 0:2 ვარანი (48, საკ. კარში), 1:2 რაშფორდი (62), 2:2 სანჩო (70)