ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშმა ევროპაში და მეტწილად, ნეაპოლში ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი ცალსახაა, რომ გაზარდა. ამაზე ისიც მოწმობს, რომ დღეს ნეაპოლურ მედიაში ყურადღება გიორგი მიქაუტაძეზე გამახვილდა და მას ახალი კვარაცხელიაც უწოდეს.
„ხვიჩა კვარაცხელია პირველი ნამდვილად დიდი ქართველია, რომელმაც მთელი სერია A აალაპარაკა თავისი შესანიშნავი სეზონით, რომელიც აქამდე „ნაპოლიში“ ჩაატარა და რომლის აფეთქებამ მისი თანამემამულე ფეხბურთელებისადმი ყურადღება გაზარდა. თბილისიდან ნეაპოლში პირდაპირი რეისით ქართველები მისი თამაშის სანახავად ჩამოდიან, ამასობაში კი, კიდევ ერთი ქართველია, რომელიც ბრწყინავს.
„ახალი კვარაცხელია“ საფრანგეთის ლიგა 2-ში უკვე აფეთქდა. ეს არის 22 წლის გიორგი მიქაუტაძე, „მეცისა“ და საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი. მას უკვე ლიგა 2-ში ორნიშნა რაოდენობის გოლები აქვს გატანილი, თავისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლები, რომელიც მის გუნდს ეხმარება, რადგან „მეცი“ მეორე ადგილს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასიც გააკეთა. საჯარიმო მოედნის ნამდვილი ცხოველი, რომელმაც კარის წინ თამაშის შესანიშნავი თვისებები წარსულშიც გამოავლინა“, - წერს Area Napoli.
მიქაუტაძის შესახებ მცირე წერილი გამოქვეყნდა Tuttonapoli-ს ვებგვერდზეც, რომელიც წერს:
„ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლიში“ მისი აფეთქების შემდეგ, ცხადია, რომ ქართველ ტალანტებზე აქცენტი გაიზარდა. ასეთია 2000 წელს დაბადებული გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ფრანგულ „მეცში“ თამაშობს. მიქაუტაძემ ამ სეზონში 12 გოლი უკვე გაიტანა, 11 ჩემპიონატში და 5 საგოლე პასიც გააკეთა. გასული ორი სეზონი იჯარით 'სერენში' გაატარა, სადაც ძალიან მაღალი შედეგიანობით გამოირჩა: 2020-2021 წლების სეზონში 22 გოლი გაიტანა 23 მატჩში, ხოლო გასულ სეზონში 30 შეხვედრაში 10 გოლი მიითვალა. ის ლიონში დაიბადა, ნოემბერში კი „მეცის“ ხელმძღვანელობამ კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივა. ახლა ისინი ლიგა 1-ში გადასვლას ცდილობენ და ეს ბიჭი ნამდვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად“.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას 11 გოლით „ბორდოს“ თავდამსხმელ ჯოშ მაჯასთან ერთად ლიდერობს.