კალათბურთი

9:20 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსმა NBA-ის ისტორია დაწერა

ლებრონ ჯეიმსმა „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ კარიერაში 38 388-ე ქულა ჩააგდო, კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი მოხსნა და NBA-ის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა.



„ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ოკლაჰომა სითი თანდერის“ მატჩის მესამე პერიოდის დასრულებამდე 10.9 წამით ადრე ლებრონ ჯეიმსმა ზუსტი ორქულიანი შეასრულა, რასაც დარბაზში და მთელს მსოფლიოში დიდი ოვაციები მოჰყვა. ტელემაყურებლებმა და დარბაზში მსხდომმა საზოგადოებამ ისტორიული მომენტი იხილა. რეკორდი, რომელიც დაახლოებით 40 წლის განმავლობაში იყო დამყარებული, მოიხსნა.



რა თქმა უნდა, ლებრონის სროლის შემდგომ მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა. ჯეიმსს ჯერ თანაგუნდელებმა და მეტოქეებმა მიულოცეს, შემდეგ კი მოედანზე თვით რეკორდის წინა მფლობელი, კარიმ აბდულ-ჯაბარი გამოვიდა, რომელმაც პირადად მიულოცა ლებრონს მიღწეული წარმატება და სარეკორდო ქულის მომტანი ბურთი სიმბოლურად გადასცა მას. ჯეიმსმა სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა და შეხვედრა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ განახლდა.



ლებრონ ჯეიმსმა ქულების ეს რაოდენობა 3 სხვადასხვა გუნდში თამაშისას მოაგროვა. მისი კარიერა „კლივლენდ კავალიერსში“ დაიწყო. იგი 2003 წელს დრაფტის პირველ ნომრად აირჩიეს და „კავსის“ რიგებში 7 სეზონი გაატარა. 2011 წელს ის სათამაშოდ „მაიამი ჰითში“ გადავიდა, 3 წლის შემდეგ კი უკან, კლივლენდში დაბრუნდა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ ჯეიმსი 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ამ გუნდის ღირსებას იცავს.

20-წლიან კარიერაში ლებრონი NBA-ის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა. მას ასევე ოთხჯერ აქვს მოპოვებული როგორც რეგულარული სეზონის, ასევე ფინალების საუკეთესო მოთამაშის ტიტული.

საბოლოოდ, „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ოკლაჰომა სითი თანდერის“ მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 130:133 დასრულდა. ლებრონ ჯეიმსმა 33:56 წუთში 38 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112867