ფეხბურთი

2:41 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

deportevalenciano: "მამარდაშვილი "ვალენსიას" გოლებისგან იცავს, მაგრამ ქულებს ვერ აგროვებინებს"

ვალენსიურმა გამოცემა deportevalenciano-მ გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ თანაგუნდელების ცუდი თამაშის გამო გიორგის შრომა არ უფასდება და გუნდს ქულების მოპოვებაში საბოლოო ჯამში მაინც ვერ ეხმარება.

„გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ მიმდინარე სეზონში გამორჩეული მოთამაშეა, თუმცა თანაგუნდელების ცუდი თამაშის გამო მისი ნამუშევარი დაუფასებელია. მასთან მიმართებაში შეიძლება ორი რამ იყოს მკაფიო: ერთი მხრივ მისი თამაში ძალიან კარგია და მისი წყალობით გუნდი თავს არიდებს მატჩებში დიდი ანგარიშით წაგებებს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დაცვის სუსტი თამაში ქართველს არ ეხმარება და ბოლომდე ბრწყინვალებაში ხელს უშლის. ყოველ შემთხვევაში, მამარდაშვილი ამ გუნდში უპირობო პირველი ნომერია და მისი რეფლექსები ლა ლიგის საუკეთესო მეკარეების ტოლფასია, „ვალენსიას“ კი გარანტირებული მეკარე და მომავლის ეკონომიკური აქტივი ჰყავს.

სამწუხაროა, რომ მამარდაშვილის სეივები საკმარისი არაა ქულების დასაგროვებლად, რადგან გუნდმა ბოლო ექვს თამაშში მხოლოდ ქულა მოიპოვა და დრამატული მაჩვენებელია. გარდა მოგერიებებისა, მამარდაშვილი თამაშის სხვა ასპექტებშიც იხვეწება, მაგრამ ხანდახან ჩანს, რომ მაგალითად, შორეული დარტყმების დროს უფრო მეტის გაკეთება შეეძლო.

მისი დიდი მინუსი პენალტებია. „ვალენსიამ“ ორჯერ წააგო თერთმეტმეტრიანების სერია და მან ერთი დარტყმაც ვერ მოიგერია. თუმცა, მთლიანობაში დაცვითი ბალანსი გუნდის ყველა რგოლზეა დამოკიდებული და გუნდმა ამ კუთხით უნდა მოუმატოს, რადგან მამარდაშვილი ისედაც ბევრ დარტყმას იგერიებს და მეტს ვერ გააკეთებს“, - წერს deportevalenciano.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად სამჯერ შეინახა.

0.131953