სერია A-ს 21-ე ტურში „ინტერმა“ „მილანი“ დაამარცხა და მეორე ადგილი შეინარჩუნა. „დერბი დელა მადონინა“ დაძაბული გამოდგა, თუმცა „ნერაძურის“ უპირატესობა მაინც აშკარა იყო.
„მილანმა“ თანაქალაქელთან ისე წააგო, რომ კარში ზუსტადაც ვერ დაარტყა, თავად კი გოლს კიდევ არაერთხელ გადაურჩა. უფრო მეტიც, ორი გოლი მსაჯმა არ ჩათვალა. ასე რომ, „ინტერს“ შეეძლო უფრო სოლიდურად ემარჯვა.
მილანელებმა სამი ქულა ლაუტარო მარტინესის გოლით მოიპოვეს, რომელმაც თავი 34-ე წუთზე გამოიჩინა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ „ინტერმა“ „მილანს“ 5 ქულით გაასწრო, ხოლო „ნაპოლის“ კიდევ უფრო წინ გაჭრის საშუალება არ მისცა. ახლა „ნერაძური“ ნეაპოლელებს 13 ქულით ჩამორჩება, რაც სოლიდური სხვაობაა, მაგრამ თეორიულად „ინტერს“ შეუძლია იმედი ჰქონდეს.
„მილანი“ კი კრიზისშია - ეს იყო ზედიზედ მეოთხე წაგება (ყველა ტურნირზე), ხოლო ბოლო 7 მატჩი არ მოუგია (2 ფრე და 5 მარცხი). „როსონერი“ 38 ქულით მეექვსე ადგილზეა და საჩემპიონო ამბიცია ნამდვილად დაკარგა, რადგან ლიდერთან ჩამორჩენა 18 ქულაა! იტალიის მოქმედ ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს, მაქსიმუმი სწორედ ეს იქნება.
„ინტერი“ – „მილანი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ლაუტარო მარტინესი (34)