„ლივერპული“ კოშმარულ ფორმაშია და ზოგადად, კატასტროფულ სეზონს ატარებს. ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში „წითლები“ „ვულვზთან“ გასვლაზე 0:3 დამარცხდნენ და ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდათ.
მატჩის ბედი მე-12 წუთზე პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, რადგან „მგლებმა“ ხსენებული დროისთვის მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს! მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ერთხელ იხეირეს და საბოლოოდ, 3:0 მოიგეს.
„ლივერპულს“ 2023 წელს პრემიერლიგაში თამაში არ მოუგია - 1 ფრე და 3 წაგება! გარდა ამისა, ერთი კვირის წინ ინგლისის ასოციაციის თასს 1/16-ფინალიდან დაემშვიდობა და აშკარაა, რომ იურგენ კლოპი გუნდის კრიზისიდან გამოყვანას ვერ ახერხებს! პრემიერლიგაში ლივერპულელთა ბოლო სამი მარცხი მართლაც საგანგაშოა - „ვულვზთან“ წაგებამდე იყო „ბრაიტონთან“ 0:3 და „ბრენტფორდთან“ 1:3. დავამატოთ ისიც, რომ თასიდან სწორედ „ბრაიტონმა“ გააგდო. მოკლედ, კლოპის გუნდს წარუმატებელი სერია არა გრანდების, არამედ მეორე ეშელონის გუნდებთან აქვს.
„ლივერპულს“ 20 თამაშში მხოლოდ 29 ქულა აქვს მოპოვებული (6 ფრე, 7 წაგება) და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი 10 ქულით ჩამორჩება. მერსისაიდელებს მომდევნო შეხვედრა 13 თებერვალს, „ენფილდზე“ თანაქალაქელ „ევერტონთან“ აქვთ დაგეგმილი.
„ვულვზი“ – „ლივერპული“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 მატიპი (5, ა.გ), 2:0 დოუსონი (12), 3:0 ნევეში (71)