მანუელ ნოიერსა და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის როგორც ჩანს ურთიერთობა გაფუჭდა. 36 წლის მეკარემ კლუბის ხელმძღვანელობა საჯაროდ გააკრიტიკა და ამის მიზეზი ტონი ტაპალოვიჩი გახდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ბაიერნიდან“ დაითხოვეს.
ტაპალოვიჩი მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა და ნოიერის მეგობარია. გერმანელი კიპერი კი მისმა გათავისუფლებამ ძალიან გააბრაზა:
„ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. მათ წაქცეულზე დამარტყეს! ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გული ამომგლიჯეს, ეს იყო ყველაზე სასტიკი რაღაც, რაც ჩემს კარიერაში განმიცდია და მერწმუნეთ, კარიერაში ბევრი რამ გამივლია.
არ არსებობს მიზეზი, რისთვისაც ის გუნდიდან გაშვებას იმსახურებდა. ისეთი რაღაცები თქვეს, რასაც არ ვეთანხმები. „ბაიერნში“ ხომ ყველას გვინდა ოჯახი ვიყოთ და დევიზიც ეს არის, მაგრამ შემდეგ ისეთი რამ ხდება, რაც არასდროს განმიცდია. ეს ყველასთვის სამწუხარო ფაქტია, კლუბისთვის, ტაპასთვის, პერსონალისთვის და კლუბის ყველა მეკარისთვის, მათ შორის, ჩემთვისაც“, - თქვა ნოიერმა.
აღსანიშნავია, რომ ოლივერ კანმა ნოიერის ინტერვიუს „ბაიერნის“ ფეხბურთელისთვის შეუფერებელი უწოდა და თქვა, რომ მის კომენტარებს მასთან ერთად კლუბში განიხილავენ.
შეგახსენებთ, მანუელ ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ვეტერანი მეკარე მარტში 37 წლის გახდება, თუმცა მომდევნო სეზონამდე ვერ ითამაშებს, რადგან თხილამურებზე სრიალისას ფეხი მოიტეხა და სეზონი ნაადრევად დაასრულა.