ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა კარნევალემ განაცხადა, რომ დღევანდელი „ნაპოლი“ უკეთესი გუნდია, ვიდრე ის „ნაპოლი“, რომელშიც თვითონ თამაშობდა და რომელიც ორჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა.
„ეს „ნაპოლი“ ჩემს „ნაპოლიზე“ უკეთესია, დიახ, ამაში დარწმუნებული ვარ. არა მხოლოდ რეკორდული სტატისტიკისთვის. გუნდი ყოველთვის დიდი მონდომებით და თავდაჯერებით გადის მოედანზე და თითქმის ყოველთვის ახერხებს გააკეთოს ის, რაც სურთ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს გუნდი ჩვენი თაობის გუნდზე მაღლა დგას.
მარადონა, ჯორდანო და კარეკა ერთად მართლაც განსაკუთრებული იყო. თუმცა, შემიძლია ჯორდანოს კვარაცხელია შევადარო, ლობოტკა ცოტათი რომანოსა და ფუზის ჰგავს, ანგისა დე ნაპოლის ან ბანის, ჟელინსკი ძოლას მაგონებს, კიმი რენიკას, ხოლო დი ლორენცო კორადინის. რაჰმანი შეიძლება ფერარა იყოს.
ჩემს თავს სიმეონეს შევადარებდი, არის რაღაც მსგავსებები. მეც ჯორდანის შემცვლელი იყო, ხშირად სათადარიგო სკამიდან ვიწყებდი თამაშს, როგორც ჩოლიტო და მისი გოლები ფასდაუდებელია. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ“, - თქვა კარნევალემ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა კარნევალე „ნაპოლიში“ 1986-1990 წლებში თამაშობდა და ორჯერ სკუდეტო მოიგო, ერთხელ უეფას თასი და ერთხელაც იტალიის თასი.