ფეხბურთი

18:59 | 3.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ მუნდიალის დეტალებზე, მბაპეზე, ნიდერლანდებთან ჩხუბზე და მომავალზე ისაუბრა

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ ადგილობრივ გამოცემა Ole-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა. მან გაიხსენა კატარის მუნდიალის დეტალები და თქვა, რომ ყველაზე ცუდი თამაში მექსიკის ნაკრებთან ჰქონდათ.

„რეაქცია თასის წინ პირველად რომ აღმოვჩნდი? არ მიფიქრია, შევეხე და ვაკოცე, რადგან ნაკრებში ამდენი წლის შემდეგ, 2014 წელს, როცა მის მოგებასთან ახლოს ვიყავი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მოგება. ბევრი მსხვერპლი გავიღე, ბევრი მარცხი და რთული მომენტი იყო, ჩემმა ოჯახმა ალბათ ჩემზე მეტი განიცადა, ბევრი ნათესავი მყავს არგენტინაში, ეს მოლოდინი მათაც ტანჯავდა, ისინიც ჩემსავით იტანჯებოდნენ, ალბათ მეტადაც. ცუდი მომენტები გავიარეთ, ახლა კი ყველამ შვება ვიგრძენით წარმატებისა და მსოფლიოს ჩემპიონების გამო.

მონტელის პენალტის მომენტი? ზოგი ამბობს, რომ ბებიას ან მარადონას ველაპარაკებოდი, ასე არ არის. ღმერთს ვთხოვე, რომ გონსალოს გაეტანა, რათა აღარ გაგრძელებულიყო ეს აგონია, რომელიც აუტანელი ხდებოდა.

თასი საწოლში? კატართან დროის სხვაობის გამო ცოტა გვეძინა. დილის 6 საათი იყო, ტელევიზორი ჩართული გახლდათ, ოთახში იყვნენ დე პაული და ოტამენდი და შემდეგ ფოტო გადავიღე. საუდის არაბეთთან დამარცხების შემდეგ ძალიან რთული მომენტი იყო, მექსიკისთვის რომ არ მოგვეგო... თუმცა, იმ მომენტში გუნდის ნამდვილი სიძლიერე დავინახეთ, იმ მომენტში უფრო გავძლიერდით. მექსიკასთან მატჩის შესვენებაზე ვთქვი, რომ რთული სიტუაცია იყო, მაგრამ ისე უნდა გვეთამაშა, როგორც ვიცოდით. მექსიკაზე ძლიერი ვიყავით და ეს მთელი მსოფლიოსთვის უნდა გვეჩვენებინა. ეს იყო ჩვენი ყველაზე ცუდი და რთული თამაში, მაგრამ თავდაჯერებულობა შეგვძინა. პოლონეთთან კი დავბრუნდით ისეთი, როგორებიც ვართ.

ფინალი და დიბუს სეივი? ფანტასტიკური მატჩი ვითამაშეთ. სეივი? ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. იმ მომენტში ბოლომდე ვერ განვიცადე, შემდეგ ვიდეოების ყურებისას უფრო შემეშინდა. კრიტიკა? ჩემი აზრით, უსამართლო იყო. მოედანზე ყოველთვის სამაგალითო ქცევა გვქონდა და მის გარეთაც. ხალხი უფრო მეტს საუბრობს იმაზე, რაც ნიდერლანდებთან მატჩში მოხდა, მაგრამ არავინ ამბობს იმაზე, რაც ამას წინ უძღოდა და მანამდე მოხდა ან მატჩის დროს პროვოკაციებზე.

მბაპე? მოკლედ ვისაურეთ, მეტი არაფერი. მეც წამიგია ფინალი და არ მინდოდა ამ თემაზე მასთან ბევრი მესაუბრია. ამიტომ მესმის მისი განცდების. ჩვენს შორის ყველაფერი რიგზეა.

36 წლის ვარ და რთულად მეჩვენება მომდევნო მუნდიალზე ფიქრი. მიყვარს ფეხბურთის თამაში და სანამ ფორმაში ვარ, სიამოვნების მიღებას გავაგრძელებ, თუმცა, ახლა მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიქრი არ შემიძლია. ვნახოთ, სად მიმიყვანს ჩემი კარიერა.

იმედი მაქვს, რომ სკალონი არგენტინის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს. კარგი იქნება, რადგან ამ მომენტში ცვლილება საჭირო არაა. ეს მისი გადასწყვეტია და ნებისმიერ შემთხვევაში მისი მესმის. ბოლო დროს მასთან არ მილაპარაკია, თუმცა, იმედი მაქვს, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას გადაწყვეტს, რადგან ეს არგენტინისთვის საუკეთესო იქნება“, - თქვა მესიმ.

0.115338