„აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად ჯონ ჰეიტინგა დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და 39 წლის სპეციალისტი კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.
ჰეიტინგა „აიაქსის“ აკადემიაში მუშაობდა და ალფრედ შრიოდერის გათავისუფლების შემდეგ მთავარი გუნდი დროებით ჩააბარეს. „ექსელსიორთან“ ჰეიტინგამ გამოცდა კარგად ჩააბარა, ამსტერდამელებმა 4:1 მოიგეს და ამიტომაც, მას ნდობა სეზონის ბოლომდე გამოუცხადეს.
39 წლის სპეციალისტს სხვა კლუბში მწვრთნელად არასდროს უმუშავია. მან საფეხბურთო კარიერა „აიაქსში“ დაიწყო და იქვე დაასრულა, შუალედში კი „ატლეტიკოში“, „ევერტონში“, „ფულჰემსა“ და „ჰერტაში“ თამაშობდა. ნიდერლანდების ნაკრებში ჯონმა 87 მატჩი ჩატარა და 7-ჯერ გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის გამო „აიაქსიდან“ ერთი კვირის წინ ალფრედ შრიოდერი გაათავისუფლეს.