კალათბურთი

10:39 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსის მორიგი ბრწყინვალე მატჩი, რომელშიც მან სამმაგი დუბლი შეასრულა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდს სულ უფრო და უფრო უახლოვდება. ამჯერად „მეფემ“ „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და სამმაგი დუბლი შეასრულა.



38 წლის ლებრონ ჯეიმსმა „ნიქსის“ წინააღმდეგ მოედანზე გატარებულ 42:56 წუთში (ოვერტაიმის ჩათვლით) 28 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ჯეიმსის 11 პასი იმითაც არის გამორჩეული, რომ მან ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ სტივ ნეშს და მარკ ჯექსონს გადაასწრო და ლიგის ყველა დროის ასისტენტთა სიაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. იგი მხოლოდ კრის პოლს (11 246), ჯეისონ კიდს (12 091) და ჯონ სტოქტონს (15 806) ჩამორჩება.

ჯეიმსის კარგი თამაშის დახმარებით, მატჩი „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ოვერტაიმში, 123:129 მოიგო.

ლებრონს ენტონი დევისმაც აუბა მხარი. ელეის ფორვარდმა 27 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ასევე გამორჩეული იყო დენის შროდერის ცენტრიდან ჩაგდებული სამქულიანიც, რომელიც მან დროის გასვლის გამო გადააგდო.

დამარცხებულ გუნდში ჯეილენ ბრანსონი ცდილობდა ყველაზე მეტს. მან 37 ქულა ჩააგდო. ყოფილმა „ლეიკერმა“, ჯულიუს რენდლმა თავი 23 ქულით და 12 მოხსნით გამოიჩინა, თუმცა მათმა გარჯამ ლებრონის და კომპანიის წინააღმდეგ შედეეგი ვერ გამოიღო.

დღევანდელი გამარჯვების შემდგომ, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ 24 მოგებითა და 28 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 3 თებერვალს, გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება „ნიუ იორკ ნიქსს“, მას 27 მოგება და 25 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზეა. მისი მომდევნო მეტოქე ასევე 3 თებერვალს, „მაიამი ჰითი“ იქნება.

0.114352