ინგლისის ლიგის თასზე პირველი ნახევარფინალური მატჩის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, რომელიც „ნიუკასლის“ გამარჯვებით, 2:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ჯორდები“ ტურნირის ფინალში ითამაშებენ.
„ნიუკასლმა“ „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო და მე-5 წუთისთვის ქიერან ტრიპიერის მიერ გაკეთებულ გადაცემას შონ ლონგსტაფი გამოეხმაურა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
მასპინძლები არ გაჩერებულან და მალევე, 21-ე წუთზე უკვე ალმირონის საგოლე გადაცემას მოჰყვა ლონგსტაფის დუბლი და „ნიუკასლი“ 2:0 დაწინაურდა.
„საუთჰემპტონი“ მალევე გამოფხიზლდა და 29-ე წუთზე ჩე ადამსის შორეული გასროლა ნიკ პოუპის კარში აღმოჩნდა. ამ მომენტის შემდგომ მატჩი დაძაბულად გაგრძელდა, თუმცა გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. მატჩის 87-ე წუთზე წითელი ბარათი ბრუნო გიმარაეშმა დაიმსახურა, მაგრამ ის ფინალს არ გამოტოვებს. საბოლოოდ მატჩი, 2:1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი ნიუკასლელებმა 3:1 მოიგეს და თასის მოპოვებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.
ამრიგად, „ნიუკასლს“ შანსი აქვს 1969 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვოს და ის ბრწყინვალე თამაში, რომელსაც ამ სეზონში გუნდი აჩვენებს, ღირსეულად დააგვირგვინოს.
მათთვის წინააღმდეგობის გაწევას „მანჩესტერ იუნატედი“ ან „ნოტინგემ ფორესტი“ ეცდება. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება „წითელი ეშმაკების“ გამარჯვებით, 3:0 დასრულდა, რაც მათ სერიოზულ უპირატესობას აძლევს.
ამ გუნდებს შორის გასამართი განმეორებითი მატჩი დღეს ღამით, 23:55 საათზე გაიმართება.
„ნიუკასლი“ 2:1 „საუთჰემპტონი“
გოლები: ლონგსტაფი (5, 21) - ადამსი (29)
გაძევება: გიმარაეში (89)